კორონავირუსის გამო ირანში ლოცვები მეორე კვირაა არ ტარდება 

კორონავირუსის გამო ირანში უკვე მეორე კვირაა ლოცვები არ ტარდება. გადაწყვეტილება ოფიციალურმა თეირანმა მას შემდეგ მიიღო რაც ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა და დაღუპულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

სწორედ კორონავირუსის გამო ლოცვების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება გასული კვირის ხუთშაბათს მიიღეს და გადაწყვეტილება კვლავ ძალაში რჩება. სალოცავები უკვე დაამუშავეს სპეციალური ხსნარებით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ირანში კორონავირუსით 92 ადამიანია დაღუპული.

კორონავირუსი პრობლემებს ქმნის იტალიაშიც სადაც 79 ადამიანია დაღუპული. ქვეყანაში ეკლესიები ჯერ არ დახურულა, თუმცა გასულ კვირას რომის პაპმა, საკვირაო ქადაგებაში მონაწილეობა არ მიიღო. მიზეზი პაპი ფრანცისკეს ავადმყოფობა იყო. პაპს ტესტი კორონავირუსზე აუღეს თუმცა, მას ვირუსი არ დაუდასტურდა. იტალიაში ცოტა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ორი კვირის განმავლობაში სკოლები დაიხუროს.

ასევე ნახეთ: რომის პაპს კორონავირუსი არ სჭირს

სკოლები და საბავშვო ბაღები დახურულია საქართველოშიც, თუმცა ლოცვების შეჩერებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს გადაწყვეტილება არ მიუღია. საზოგადოების ნაწილის მოთხოვნა, რომ ზიარება ეკლესიაში ერთჯერადი კოვზებით მომხდარიყო კრიტიკის მიზეზი გახდა, საპატრიარქომ კი აღნიშნული ინიციატივა არ გაითვალისწინა.

საქართველოში ღიაა მეჩეთებიც და მათი დროებიტ დახურვა არ იგეგმება. "მლოცველებისთვის გაიცა რეკომენდაციები, რომ თავი შეიკავონ ჩახუტებისგან და ხელის ჩამორთმევისგან,"- ამბობს, ნეტგაზეთთან საუბრის დროს ტარიელ ნაკაიძე.

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია კი ზიარების რაოდენობის შემცირებაზე ფიქრობს. ეკლესიაში არ გამორიცხავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მსახურების შეჩერებაც მოხდეს.