ირანის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი კორონავირუსით (კოვიდ-19) დაინფიცირდა. ამ ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს და აცხადებს, რომ ირაჯ ჰარირჩის სისხლში ვირუსი აღმოაჩნდა.
თავად ჰარირჩიმ ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ ვირუსის აღმოჩენის შემდეგ საკუთარ სახლში თვით-კარანტინში რჩება. მან პირობა დადო, რომ ირანის მთავრობა ვირუსის გავრცელებაზე კონტროლს დაამყარებს.
ასევე ნახეთ: კორონავირუსს პანდემიის პოტენციალი აქვს, მაგრამ პანდემია ჯერ არ არის
ჰარირჩის დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ერთი დღით ადრე ის თეირანში პრესკონფერენციაზე ვირუსის ირანში გავრცელების საფრთხე უმნიშვნელოდ წარმოაჩინა.
ჩინეთის გარეთ, ირანში კორონავირუსით გამოწვეული მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, სადაც 15 ადამიანია გარდაცვლილი და დაინფიცირების 95 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
ასევე ნახეთ: კორონავირუსი: ვითარება იტალიაში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთში და მსოფლიოში
ირანისთვის კიდევ ერთი დარტყმა არაბეთის გაერთიანებული საამიროების მიერ ირანის მიმართულებით ყველა ფრენის აკრძალვა იყო. სამეფომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თეირანმა განაცხადა, რომ ვირუსი ირანის ფარგლებს გასცდა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება. არაბეთის გაერთიანებული საამიროები ირანელებისთვის გრძელ საერთაშორისო მარშრუტებთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ცენტრია.