ზურაბიშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვიეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი (ცენტრში)

კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე მიიწვია. შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საზეიმო ფიცს ვაშინგტონში, 20 იანვარს დადებს.

განცხადება ზურაბიშვილის მიპატიჟებასთან დაკავშირებით, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა:

"მადლობელი ვარ [შესაძლებლობის], პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად მოვიწვიო პრეზიდენტი ზურაბიშვილი, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი. ვალში ვარ მისი სიმამაცის წინაშე, რომელიც [ზურაბიშვილმა] გამოიჩინა ივანიშვილისა და მისი ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის მეგობართა თავდასხმის პირისპირ ყოფნისას".

რესპუბლიკელი კონგრესმენი სამხრეთ კაროლინიდან, ჯო უილსონი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა, რომელმაც მაისში ე.წ. "მეგობარი აქტი" წარადგინა. ის ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას გულისხმობს და იმ პირთა პასუხისმგებლობას აყენებს, ვინც ქვეყანაში დემოკრატიას ძირს უთხრის.

"მეგობარი აქტი" ივლისში წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დაამტკიცა, თუმცა "ამერიკის ხმის" კითხვაზე, თუ როდის შეიძლება ველოდოთ კანონპროექტის კენჭისყრას სრულ პალატაში, უილსონმა ცოტა ხნის წინ უპასუხა: "ვმუშაობთ, რათა "მეგობარი აქტი" კენჭისყრისას დადებითად გადაწყდეს". კონკრეტული ვადები მას არ დაუსახელებია, თუმცა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოში არჩევნები არ იყო სამართლიანი და საქართველოს ხელისუფლება კონგრესმენმა ქვეყნის "დე-ფაქტო მთავრობად" მოიხსენია.

ასევე ნახეთ: "ჰელსინკის კომისია" დეფაქტო მთავრობას "არალეგიტიმურს" უწოდებს და მხარდაჭერას ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ უცხადებს