კონგრესი ტრამპს საუდის არაბეთთან დაკავშირებით დაუპირისპირდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა კანონმდებლებმა ხმა მისცეს იემენში, საუდის არაბეთის წინამძღოლობით მებრძოლი კოალიციისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას.

იემენში აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის 9 ქვეყნის კოალიცია იბრძვის, რომელსაც სათავეში საუდის არაბეთი უდგას. იემენში ინტერვენცია თავდაპირველად საარტილერიო დაბომბვებს გულისხმობდა, თუმცა მოგვიანებით, საზღვაო ბლოკადა და სახმელეთო ჯარების განლაგება მოიცვა. კოალიცია ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუთის ამბოხებულებს ებრძვის. შეერთებული შტატების ჩართულობა იემენში ძირითადად კოალიციისადმი სადაზვერვო და ლოჯისტიკური დახმარებით შემოიფარგლება.

კენჭისყრა ოთხშაბათს შედგა და გადაწყვეტილება 248 ხმით 177-ის წინააღმდეგ გავიდა. ახლა ჯერი სენატზეა, რომელმაც გასულ წელს ანალოგიურ ზომას მხარი უკვე დაუჭირა. სენატში დამტკიცების შემთხვევაში, კანონად ქცევამდე, მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, რომელიც იმუქრება, რომ გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს.

კონგრესმა "ომის შეწყვეტის" კანონი 1973 წელს მიიღო, რითაც წერტილი დაუსვა ვიეტნამის ომში შეერთებული შტატების ჩართულობას. ეს კანონი კონგრესს საშუალებას აძლევს ჯარები გამოიყვანოს გამოუცხადებელი ომიდან.

კანონმდებელთა გაღიზიანება და კენჭისყრის დაჩქარება ამჯერად არამარტო გაჭიანურებულმა ომმა, იემენში მსხვერპლის ზრდამ და უმძიმესმა ჰუმანიტარულმა კრიზისმა გამოიწვია, არამედ პრეზიდენტ ტრამპის არამძაფრმა რეაქციამაც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გახმაურებულ მკვლელობაზე. "ვაშინგტონ პოსტის" თანამშრომელი სტამბოლში, საუდის არაბეთის საელჩოში მოკლეს. მკვლელობა დიდი ალბათობით, საუდის არაბეთის უფლისწულის მიერ იყო დაკვეთილი.