შეერთებული შტატების კონგრესმა დემოკრატი ჯო ბაიდენის ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების სერტიფიცირება მოახდინა. ამით კონგრესმა საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულება შეასრულა და ხუთშაბათს დილით ადრე, ხმის მიცემის პროცედურა დაამთავრა.
ასევე ნახეთ: ოთხი გარდაცვლილი და 52 დაკავებული - კაპიტოლიუმის შტურმის შედეგებივიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, რომელიც კონგრესის გაერთიანებულ სხდომას ხელმძღვანელობდა, მისი დასრულების შემდეგ გამოაცხადა, რომ საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა ჯო ბაიდენმა მიიღო და 232 ხმა - ტრამპმა.
სესიის დასრულებამდე კონგრესის ევაკუაცია მოხდა იმის გამო, რომ შენობაში პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ.
ტრამპი ბოლო ორი თვის განმავლობაში უწყვეტად აცხადებდა, რომ არჩევნებში მან გაიმარჯვა და მის მომხრეებს სთხოვდა მისი გამარჯვება დაეცვათ. მან არაერთი განცხადება ოთხშაბათსაც გააკეთა, მაშინ როცა მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმის წინ იყვნენ შეკრებილი.
მას შემდეგ, რაც კონგრესმა ბაიდენის გამარჯვების სერტიფიცირება მოახდინა, ტრამპმა 20 იანვარს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პირობა დადო, „მიუხედავად იმისა, რომ მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები ამ არჩევნების შედეგებს.“
ასევე ნახეთ: "ტვიტერმა" პრეზიდენტ ტრამპის ანგარიში დროებით ჩაკეტა“მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გავაგრძელებ ჩვენს ბრძოლას იმაში დასარწმუნებლად, რომ მხოლოდ ლეგალური ხმები დაითვლება,“ თქვა ტრამპმა. „ეს არის დიდებული პირველი ვადის დამთავრება საპრეზიდენტო ისტორიაში, ეს მხოლოდ ჩვენი ბრძოლის დასაწყისია, რომ ამერიკა ისევ დიადად ვაქციოთ.“ ეს განცხადება ტრამპის სოციალური მედიის დირექტორმა დენ სავინომ გამოაქვეყნა. გუშინ „ფეისბუქმა“ და „ტვიტერმა“ ტრამპის ანგარიშები დრობით დაბლოკეს იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტის განცხადებებმა ძალადობის წინააღმდეგ სოციალური ქსელების პოლიტიკა დაარღვია.
კაპიტოლიუმის შენობაში პრეზიდენტის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტის და კანონმდებლების ევაკუაცია მოხდა. მიმდინარე სესია რამდენიმე საათით შეჩერდა. სხდომის განახლების შემდეგ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ თქვა, რომ "დღეს, ჩვენს დემოკრატიაზე სამარცხვინო თავდასხმა მოხდა. ეს ნებადართული იყო მთავრობის უმაღლესი დონის მიერ."
რესპუბლიკელმა სენატორმა და სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა მომხდარს "ჩავარდნილი გადატრიალება" უწოდა და კანონმდებლებს პროცედურის დასრულებისკენ მოუწოდა.
ასევე ნახეთ: ტრამპის მომხრეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ