ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის მომხრეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ


პოლიცია კონგრესის შენობის დაცლას ცდილობს
პოლიცია კონგრესის შენობის დაცლას ცდილობს

პირველი გამოხმაურებები

რესპუბლიკელ კანონმდებელთა ნაწილი უკვე გამოეხმაურა დედაქალაქში მიმდინარე პროცესებს. კაპიტოლიუმის შტურმით აღების მცდელობა დაგმო რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა, მან ამას „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“ უწოდა. მან დონალდ ტრამპის „ტვიტებიც“ გააზიარა და დაწერა, რომ ის „უკვე დამთავრებულია", მისი მემკვიდრეობა კი „კატასტროფული“ იქნება.

მოვლენები ტელეკომპანია "სი-ბი-ესის" ეთერში შეაფასა წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის რესპუბლიკელმა ლიდერმა, კევინ მაკკართიმაც. „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში მან თქვა, რომ ის, რასაც ახლა მთელი ქვეყანა უყურებს, „არაამერიკულია და უნდა შეწყდეს“.

დონალდ ტრამპი: პატივი ეცით კანონს

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“ ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. სულ რამდენიმე წუთის წინ მან დაწერა:

„მე ვთხოვ ყველას ამერიკის დედაქალაქში, დარჩეს მშვიდობიან რეჟიმში. არა ძალადობას! გახსოვდეთ, ჩვენ ვართ კანონისა და წესრიგის პარტია - პატივი ეცით კანონს და ჩვენს დიდებულ პოლიციელებს, ქალებსა და მამაკაცებს. გმადლობთ!“

ტრამპის მომხრეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები, რომლებიც დღეს საპროტესტო აქციას მართავდნენ, კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. მათ ჯერ გადააყირავეს ბარიერები, შეეტაკნენ პოლიციას და შემდეგ, მომიტინგეთა დიდი ნაწილი შენობისკენ დაიძრა.

ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" ავრცელებს ვიდეოკადრებს, თუ როგორ ჩაამტვრიეს დემონსტრანტებმა კაპიტოლიუმის ფანჯრები და საკანონმდებლო ორგანოს შენობაში გადაძვრნენ. ამ დროს კონგრესში ორივე პალატა იყო შეკრებილი, რათა 3 ნოემბრის არჩევნებზე დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება საბოლოოდ გაეფორმებინათ.

აღნიშნული ღონისძიება ძირითადად ცერემონიულ ხასიათს ატარებს და საუკუნეების წინ დამკვიდრებული ტრადიციაა. ტრამპის მომხრეებმა კენჭისყრის სერტიფიცირების პროცესის ჩაშლა შეძლეს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის გაგრძელდება კონგრესის გაერთიანებული სხდომა.

პოლიცია იძულებული გახდა ძალა გამოეყენებინა და მომიტინგეები დაეკავებინა. კონგრესის შენობა ამ წუთებში დაცლილია, მაგრამ ყოველგვარი სამუშაო იქ ახლა შეწყვეტილია. ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და კანონმდებლებს საფრთხე არ ემუქრებათ. დედაქალაქის მერმა საღამოს 6 საათიდან შინიდან გაუსვლელობის ბრძანება გასცა.

აქციის მონაწილეები კონგრესის შენობასთან დღეს პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებით შეიკრიბნენ, რათა კონგრესის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფორმალურად დამტკიცების პროცესი გაეპროტესტებინათ. რამდენიმე ხნით ადრე, ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ არ აპირებს წინააღმდეგობა გაუწიოს არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კონგრესის მიერ გამარჯვებულად დამტკიცებას.

თავად სხდომაზეც, რესპუბლიკელი კანონმდებლების ნაწილმა ბაიდენის გამარჯვება გააპროტესტა. თუმცა, სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა მათი ნაბიჯი გააკრიტიკა და თქვა, რომ თუკი არჩევნების შედეგებს დამარცხებული მხარე შეცვლის, "ჩვენი დემოკრატია სასიკვდილო სპირალისკენ დაეშვება".

მაკკონელის თქმით, ამერიკის მოქალაქეებმა, სასამართლოებმა და შტატებმა საკუთარი აზრი უკვე დააფიქსირეს. "თუ ჩვენ ამას შევცვლით, რესპუბლიკას სამუდამო დაღს დავასვამთ". სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა კი რესპუბლიკელი კანონმდებლობის ამ ნაბიჯს "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა" უწოდა.

"ჩვენ არასოდეს დავნებდებით" - უთხრა მანამდე თავად პრეზიდენტმა ტრამპმა, ვაშინგტონის საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს. "დამარცხებას არასოდეს ვაღიარებთ. ეს არ მოხდება".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG