ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ულტრამემარჯვენე ლიდერმა ვაშინგტონი უნდა დატოვოს


ფოტოზე ჰენრი "ენრიკე" ტარიო, ჯგუფის "ამაყი ბიჭები" ლიდერი, ატარებს ქუდს, რომელზეც წერია: "ომის ბიჭები". 26 სექტემბერი, 2020.
ფოტოზე ჰენრი "ენრიკე" ტარიო, ჯგუფის "ამაყი ბიჭები" ლიდერი, ატარებს ქუდს, რომელზეც წერია: "ომის ბიჭები". 26 სექტემბერი, 2020.

პოლიციამ ჰენრი "ენრიკე" ტარიო, ულტრამემარჯვენე ჯგუფის "ამაყი ბიჭები" (Proud Boys) ლიდერი სამშაბათს გაათავისუფლა, ოღონდ იმ პირობით, რომ ის ქ. ვაშინგტონს დატოვებდა. ტარიო წინა დღით დააკავეს, კერძო ქონების ხელყოფის ბრალდებით. მან შავკანიანთა ისტორიული ტაძრის ეზოში მდგარი ნიშანი დაწვა, რომელზეც ეწერა: შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია.

ეს ყველაფერი 6 იანვრის წინა დღეებში ხდება, როცა ამერიკის დედაქალაქში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი საპროტესტო აქცია იგეგმება. პრეზიდენტის მომხრეები ვაშინგტონში ნოემბრის არჩევნების შედეგების და მასზე დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებას აპროტესტებენ. შეერთებული შტატების კონგრესი შედეგებს დღეს ფორმალურ ცერემონიაზე დაამტკიცებს.

36 წლის ტარიო მოსამართლე რენე რეიმონდმა ხელწერილის საფუძველზე გაუშვა, რომლის მიხედვითაც ის ამერიკის დედაქალაქში ივნისამდე არ ჩამოვა. ივნისში სასამართლოს მეორე მოსმენაა ჩანიშნული.

ამასობაში კი, "ამაყი ბიჭები" მონაწილეობას იღებს ვაშინგტონში დაგეგმილ აქციაში, რომელიც დღეს კონგრესის მახლობლად გაიმართება. პრეზიდენტმა ტრამპმა მხარი დაუჭირა საპროტესტო გამოსვლებს და თქვა, რომ მასში მონაწილეობას გეგმავს. „იქ ვიქნები, ისტორიული დღეა“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.

პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები "ამაყი ბიჭების" ნიშნებით, ვაშინგტონში, 2020 წლის 12 დეკემბერს გამართულ აქციაზე.
პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები "ამაყი ბიჭების" ნიშნებით, ვაშინგტონში, 2020 წლის 12 დეკემბერს გამართულ აქციაზე.

ტარიოს იარაღის ტარების ბრალდებაც ემუქრება. დაკავების მომენტში, "ამაყი ბიჭების" ლიდერს თან დიდი რაოდენობით ტყვია-წამალი ჰქონდა. ვაშინგტონის ოფიციალური პირები აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს, დემონსტრაციაზე იარაღი არ მიიტანონ, დედაქალაქში ეს კანონითაა აკრძალული. ვაშინგტონის პოლიციას აქციის გაკონტროლებაში დღეს ეროვნული გვარდიის 300 ჯარისკაცი დაეხმარება.

დღეს, შეერთებული შტატების კონგრესი ბაიდენის მოგებას გაერთიანებულ სხდომაზე ფორმალურად დაამტკიცებს. სხდომა ძირითადად ცერემონიულ ხასიათს ატარებს და მისი თავმჯდომარე ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იქნება. რესპუბლიკელ კანონმდებელთა მცირე ნაწილი ამბობს, რომ სერტიფიცირების წინააღმდეგ წავა, თუმცა მათი რაოდენობა გადაწყვეტილების შეცვლისთვის არასაკმარისია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG