ილონ მასკმა უკრაინელებს სევასტოპოლზე იერიში ჩაუშალა - CNN

ილონ მასკი

"ამერიკის ხმის" რედაქციის შენიშვნა: მასალაში ინფორმაცია მოგვიანებით განახლდა, მას შემდეგ, რაც მომხდართან დაკავშირებით, კომენტარები გააკეთეს ილონ მასკმა და წიგნის ავტორმა უოლტერ აიზესკონმა. უფრო დაწვრილებით იხილეთ 13 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატია.

ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" ცნობით, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა, შარშან საიდუმლო ბრძანებით გამოართვევინა თავისი კომპანიის მიერ უკრაინის არმიისთვის გამოყოფილი "სტარლინკის" სატელიტური კავშირი. ამ ნაბიჯით მან უკრაინას შეუწყვიტა წყალქვეშა დრონებით დაწყებული თავდასხმა სევასტოპოლში ბაზირებულ რუსეთის ფლოტზე.

ამის შესახებ საუბარია ბიოგრაფიული წიგნში, რომელიც დღის სინათლეს 12 სექტემბერს იხილავს. წიგნი დაწერა ბიოგრაფიების ცნობილმა ავტორმა, უოლტერ აიზეკსონმა.

წიგნის ნაწყვეტები ტელეკომპანია "სი-ენ-ენმა" (CNN) მოიპოვა და მას სპეციალური პუბლიკაცია მიუძღვნა. იმ თავში, რომელიც აღნიშნულ ჩაშლილ შეტევას ეხება, მოთხრობილია იმის შესახებ, რომ "სტარლინკის" სატელიტური კავშირის გამორთვის შემდეგ, ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე უკრაინის საზღვაო დრონებმა დაკარგეს „მართვა და ნაპირზე გამოირიყნენ“.

CNN-ის პუბლიკაციაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როდის მოხდა ზუსტად ეს ამბავი. უცნობია ისიც, არის თუ არა ამ მოვლენის სავარაუდო თარიღი აღწერილი გამოსაქვეყნებლად გამზადებულ წიგნში.

ასევე ნახეთ: მასკი უკრაინისთვის ინტერნეტის დაფინანსებას გააგრძელებს

როგორც ილონ მასკის ბიოგრაფიის ავტორი აღნიშნავს, ბიზნესმენმა თავისი კომპანიის ინჟინრებს დაავალა კავშირის გაწყვეტა, რადგან ეშინოდა იმის, რომ რუსი სამხედროები შავი ზღვის ფლოტზე მასიურ იერიშს ბირთვული დარტყმით უპასუხებდნენ. ირწმუნებიან, რომ მასკს ასეთი შთაბეჭდილება, შესაძლოა, რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ დარჩენოდა.

ამტკიცებენ იმასაც, რომ უკრაინის წარმომადგენლები ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ მილიარდერი გადაწყვეტილების შეცვლაში, მაგრამ ის თავის პოზიციაზე დარჩა. "სტარლინკი" შეიქმნა იმისთვის, რომ ხალხს შეეძლოს "ნეტფლიქსის" ყურება, დასვენება, სკოლაში ინტერნეტთან დაკავშირება, მშვიდობიანი საქმეების კეთება და არა დრონებით იერიშების განხორციელება", - განუცხადებია მასკს წიგნის ავტორისთვის.

როგორც მასკის ბიოგრაფიაშია ხაზგასმული, მილიარდერი ნამდვილად შიშობს, რომ მისმა ქმედებებმა შეიძლება ხელი შეუწყოს კონფლიქტის კიდევ უფრო მეტ ესკალაციას და ეს შიში დიდწილად განსაზღვრავს მის ქმედებებს. ყირიმზე დარტყმით, მასკის თქმით, "უკრაინა ძალიან ღრმად შეტოპავდა" და მას "სტრატეგიული მარცხი" დაემუქრებოდა.

CNN ხაზს უსვამს, რომ მას არ აქვს დამოუკიდებელი დადასტურება აიზეკსონის მიერ გადმოცემული ვერსიის თაობაზეც. მაგრამ, გასულ წელს, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რაც უკრაინელ სამხედროებს "სტარლინკის" სატელიტური კავშირის გამო ექმნებოდათ ფრონტის ხაზზე.

განახლება

"უბრალო გაუგებრობა" - ასე აფასებს უოლტერ აიზეკსონი, ცნობილი ამერიკელი ბიოგრაფი და ჟურნალისტი ეპიზოდს, რომელიც უკავშირდება მისი ახალი წიგნის გმირის - ილონ მასკის როლს, უკრაინის მხრიდან რუსეთის ფლოტზე მიტანილი იერიშის ჩაშლაში. "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტებს მან უთხრა, რომ წიგნის პირველ რედაქციაში ძველი ტექსტი უცვლელად დარჩა. მაგრამ, ის "არასწორად" აღწერს მასკის როლს უკრაინის ჩაშლილ შეტევაში, რაც წიგნის შემდგომ გამოცემებში გამოსწორდება.

კერძოდ, აიზეკსონი ამბობს, რომ ცდომილება უკავშირდება ყირიმში „სტარლინკის“ სატელიტური კავშირის შეწყვეტის თარიღს. მას ეს თავად ილონ მასკმა განუმარტა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყირიმისთვის ინტერნეტის გამორთვა მან გაცილებით ადრე გადაწყვიტა, ვიდრე უკრაინელები რუსეთის ფლოტზე იერიშის მიტანას დაიწყებდნენ. მასკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არ იყო პასუხი წყალქვეშა დრონებით სევასტოპოლის პორტზე დაგეგმილ დარტყმაზე.