შეერთებული შტატების კონგრესს მხოლოდ ორი დღე აქვს მოსალაპარაკებლად და შეთანხმების მისაღწევად, რათა ფედერალური მთავრობის დახურვა თავიდან აცილოს. პრეზიდენტ ბაიდენის მიერ წარმოდგენილ, $3.5 ტრილიონის ოდენობის 2022 წლის ბიუჯეტის გეგმაზე ოთხშაბათს და ხუთშაბათს თუ ვერ მოილაპარაკეს, ფედერალურ მთავრობას ბევრი მიმართულებით ოპერაციების შეჩერება მოუწევს.
ახალი ფისკალური წელი ამერიკაში პარასკევს, 1 ოქტომბერს იწყება. მთავრობის დახურვის გარდა, შეერთებულ შტატებს ფედერალურ ვალზე დეფოლტის გამოცხადებაც ემუქრება.
მოსალოდნელია, რომ დემოკრატი ლიდერები მთავრობის დაფინანსების დროებით გეგმას წარმოადგენენ, რომელიც ბიუჯეტის დამტკიცებას 3 დეკემბრამდე გადაავადებს. კენჭისყრა ამ შემთხვევაში დღესვე გაიმართება, თუმცა რამდენად დაუჭერენ მხარს ამ კანონპროექტს რესპუბლიკელები, ჯერ ისევ გაურკვეველია.
ასევე ნახეთ: გადამწყვეტი კვირა ვაშინგტონის პოლიტიკაშიგაცილებით მეტი რისკები ახლავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების $1-ტრილიონიანი ორპარტიული გეგმის კენჭისყრას, რომელიც ხუთშაბათისთვის გადაიდო. ამის მიზეზი გაუთავებელი მოლაპარაკებებია, როგორც ორივე პალატაში უმრავლესობის მქონე დემოკრატიული პარტიის შიგნით, ისე - ოპონენტ რესპუბლიკურ პარტიაში.
ეს ორი კანონპროექტი ერთმანეთთან კავშირშია. თუმცა, დემოკრატიული პარტიის ცენტრისტ და პროგრესისტ ფრთებს შორის მათ პრიორიტეტიზაციასთან დაკავშირებით პრინციპული აზრთა სხვადასხვაობაა.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეისთვის ჩიკაგოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. თეთრი სახლის განცხადებით, ის დღეს და ხვალ კონგრესთან მოლაპარაკების გაგრძელებას გეგმავს.
ასევე ნახეთ: სენატის დემოკრატებმა 3,5 ტრილიონი დოლარის ღირებულების ბიუჯეტი დაამტკიცეს