ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატში დემოკრატებმა 3.5 ტრილიონი დოლარის საბიუჯეტო შეთანხმებას მიაღწიეს


ოთხშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კაპიტოლიუმში, სენატის დემოკრატ კანონმდებლებთან შეხვედრას გამართავს. პრეზიდენტის ვიზიტამდე, კანონმდებლებმა 3.5 ტრილიონი დოლარის მოცულობის გეგმაზე შეთანხმების შესახებ განაცხადეს. სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა თქვა, რომ ამ გეგმით ხანდაზმულების ჯანდაცვაზე, კლიმატის ცვლილებაზე და ოჯახების დახმარებაზე ხარჯები გაფართოვდება.

შუმერმა თქვა, რომ ეს პაკეტი “ათწლეულების განმავლობაში, საშუალო კლასში ჩადებული უდიდესი ინვესტიცია იქნება”.

ვირჯინიის დემოკრატმა სენატორმა მარკ უორნერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გეგმა შეიცავს პირობებს, რომელიც სოციალურ პროგრამებს სრულად დააფინანსებს.

უორნერს არ დაუზუსტებია, თუ ამ ღონისძიებების დაფინანსება როგორ მოხდება, მაგრამ ბაიდენი მდიდრებისთვის და კორპორაციებისთვის გადასახადების გაზრდას მოითხოვდა.

კონგრესში, რესპუბლიკელები გადასახადების ასეთ გაზრდას ეწინააღმდეგებიან, განსაკუთრებით გადასახადების შემცირების (მათ შორის კორპორაციებისთვის) იმ რაუნდის შემდეგ, რომელიც წინა პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს მოხდა.

გეგმის განსახორციელებლად, დემოკრატებს სრული, სენატის 50 დემოკრატი წევრის, მხარდაჭერა სჭირდებათ.

მოსალოდნელია, რომ რესპუბლიკელები ამ ღონისძიებას მხარს არ დაუჭერენ და დემოკრატები სავარაუდოდ გამოიყენებენ საგანგებო პროცესს, რომელიც ბიუჯეტის გადახედვის სახელით არის ცნობილი და კანონპროექტის უბრალო უმრავლესობით გატანის საშუალებას იძლევა. ამ წესის მიხედვით, ის პოტენციურ ე.წ. "ფილიბასტერის" პროცედურას, რომელიც კანონის მიღების გაჯანჯლებას ისახავს მიზნად, არ დაექვემდებარება. ამ პროცედურას ტრადიციულად უმცირესობაში მყოფი პარტია საკანონმდებლო ინიციატივის დასაბლოკად ან კენჭისყრის დასაყოვნებლად იყენებს.

საბიუჯეტო გეგმის მიღება დემოკრატებს საშუალებას მისცემს, ფედერალური ხარჯების კანონი წლის ბოლოსთვის, ასევე უბრალო უმრავლესობით მიიღონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG