ამერიკის პოლიტიკაში ეს კვირა გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება. კონგრესმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი $3.5 ტრილიონის ოდენობის სამთავრობო ბიუჯეტი მომდევნო დღეებში თუ არ დაამტკიცა, ფედერალურ მთავრობას დახურვა ელის.
დღეისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების $1-ტრილიონიანი ორპარტიული გეგმის კენჭისყრა ხუთშაბათისთვის გადაიდო. ამის მიზეზი გაუთავებელი მოლაპარაკებებია, როგორც ორივე პალატაში უმრავლესობის მქონე დემოკრატიული პარტიის შიგნით, ისე - ოპონენტ რესპუბლიკურ პარტიაში.
ეს ორი კანონპროექტი ერთმანეთთან კავშირშია. თუმცა, დემოკრატიული პარტიის ცენტრისტ და პროგრესისტ ფრთებს შორის მათ პრიორიტეტიზაციასთან დაკავშირებით პრინციპული აზრთა სხვადასხვაობაა.
ფისკალური წელი ხუთშაბათს იწურება. სენატში დღეს მთავრობის დაფინანსების გაგრძელების მიზნით, კენჭისყრაა ჩანიშნული, რათა თავიდან აიცილონ მისი დახურვა და ფედერალურ ვალზე დეფოლტის გამოცხადება. საბიუჯეტო პაკეტი დიდი ალბათობით რესპუბლიკელი კანონმდებლების მხრიდან დაიბლოკება და მომდევნო დღეებში ხელახალი კენჭისყრა გაიმართება.
დეფოლტის და დაფინანსების გეგმის კოლაფსის რისკი კი მაღალია. ჯერჯერობით, დემოკრატი ლიდერები ბაიდენის საბიუჯეტო გეგმის გარშემო საკუთარი პარტიის გაერთიანებას ვერ ახერხებენ.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი აგრძელებენ მოლაპარაკებას პრეზიდენტის 3.5-ტრილიონი დოლარის ღირებულების ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ბაიდენის საბიუჯეტო გეგმა კორპორაციებზე და მოსახლეობის შეძლებულ ნაწილზე გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს, რასაც რესპუბლიკელი ოპონენტების ბირთვი დაუშვებლად მიიჩნევს.
უქმეებზე პრეზიდენტი კანონმდებლებთან კერძო საუბრებში მათთან მოლაპარაკებას ცდილობდა. ინფორმაციას ანონიმურობის შენარჩუნების პირობით, მედიასთან თეთრი სახლის ოფიციალური პირებიც ადასტურებენ.
Facebook Forum