კლინტონის და ტრამპის პარალელური შეხვედრები ჩრ. კაროლინაში

არჩევნებამდე 4 დღით ადრე ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატებმა კამპანია ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ერთდროულად გამართეს. ჰილარი კლინტონი აუდიტორიას ყოფილმა მოწინააღმდეგემ დემოკრატიულ პარტიაში, ბერნი სანდერსმა წარუდგინა. ხუთშაბათს საღამოსვე, მათგან სულ მცირე მანძილზე, ამომრჩევლებს რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი შეხვდა.

ჩრდილოეთ კაროლინა ერთ-ერთი მერყევი შტატია, რომლის მოგება ორივე საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ტრამპმა, ასევე კლინტონმა, ერთმანეთს ძველი ბრალდებები გაუმეორეს და მთავარ არგუმენტად ქვეყნის უმაღლესი პოსტისთვის მოწინააღმდეგის შეუფერებლობა დაასახელეს. ორივე კანდიდატმა კიდევ ერთხელ მოუწოდა შტატის მოსახლეობას, აუცილებლად მივიდნენ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

პარალელურად, ჰილარი კლინტონის მხარდამჭერი კამპანია გამართა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ის კიდევ ერთ გადამწყვეტი მნიშვნელობის შტატს, ფლორიდას ეწვია.

ხუთშაბათს ორი საყურადღებო გამოკითხვა გამოქვეყნდა. “ნიუ-იორკ თაიმსის” და “სი-ბი-ეს ნიუსის” ერთობლივი გამოკითხვის მიხედვით, კლინტონი ტრამპს მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 პროცენტით უსწრებს. თითქმის ანალოგიურ, ორპროცენტიან უპირატესობას აჩვენებს “ვაშინგტონ-პოსტის” და “ეი-ბი-სი ნიუსის” გამოკითხვაც.