მსოფლიოში ჩინეთის გავლენის ზრდა ბოლო წლების განმავლობაში დასავლური სახელმწიფოებისა და ტრანსატლანტიკური საზოგადოების განსაკუთებული შეშფოთების მიზეზია. ჩინურმა კაპიტალმა ევროპის ეკონომიკის არაერთ სფეროშიც მოიკიდა ფეხი, თუმცა თუკი სტრატეგიული ინფრასტრუქტურის კუთხით განხორციელებული ჩინური ინვესტიციების რისკები ზოგ შემთხვევაში ნათელია, ანალიტიკოსების აზრით, არის ბევრი ისეთი სფეროც, სადაც საშიშროება პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ მეტი სიფრთხილეა საჭირო. ევროპა ახლა ეკონომიკურ ღიაობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის შესაბამის ბალანსს ეძებს.
აზიის, ევროპისა და აფრიკის ქვეყნების ეკონომიკის დაკავშირება გზებით, ლიანდაგებითა თუ ენერგოსადგურებით - მას შემდეგ, რაც 2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტმა „ბელტ ენდ როუდ“ ინიციატივის შესახებ განაცხადა, ეს კონცეფცია პეკინის საგარეო პოლიტიკის დაუფარავ ნაწილადაც კი იქცა... ამერიკისა და კანადის შემდეგ, ჩინური კაპიტალისა და მისი თანმდევი გეოპოლიტიკური თუ სტრატეგიული რისკების შესახებ, ევროპის სახელმწიფოებიც აქტიურად ალაპარაკდნენ.
ევროპის ყველაზე ღია და ტექნოლოგიურად დაწინაურებული ქვეყნებიც კი ჩინეთთან თანამშრომლობას გლობალიზაციის და ეკონომიკური ღიაობის კუთხიდან აღარ უყურებენ და შესაძლო რისკებისადმი საკუთარი სისტემების ეფექტურობას აფასებენ.
ენდრიუ სმოლი, გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი ტრანსატლანტიკური მკვლევარი ამბობს, რომ ჩინეთი ახლა ევროპაში უკვე ახალი ლანდშაფტის წინაშეა:
„ევროზონის კრიზისის შემდეგ, ჩვენ ჩინური ინვესტიციებისა და მათზე რეაგირების რამდენიმე ფაზა გავიარეთ. უკვე უეჭველია, რომ ჩინეთი ახლა ევროპული ქვეყნების მხრიდან უფრო სკეპტიკური პოლიტიკური გარემოს, უფრო გამახვილებული სამართლებრივი და შემოწმების მექანიზმების წინაშეა", - ამბობს სმოლი გერმანიის მარშალის ფონდის უახლეს კვლევაზე დაყრდნობით. ანგარიშში ევროპულ სახელმწიფოებში ჩინური ინვესტიციების დინამიკა და მათი თანმდევი, შესაძლო რისკებია განხილული.
ჩინური ინვესტიციები ევროპაში სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულად აგრესიული იყო. იცვლებოდა ინვესტიციების სამიზნეც, იქნებიდა ეს მყარი ინფრასტრუქტურა, ხიდები, გზები, გვირაბები, თუ ელექტროენერგია და ციფრული, მაღალტექნოლოგიური სფეროები. ბოლო წლების განმავლობაში წამყვან ევროპულ სახელმწიფოებში გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა იმას, თუ როგორ მოწმდება ესა თუ ის ინვესტიცია.
ევროპაში დამოკიდებულებების ცვლილებაზე საუბრობს ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც. ასკვიკ ორჰანი ამბობს, რომ ევროპულ ქვეყნებში იზრდება ცოდნა და ყურადღება სწორედ ამ ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურის გავლენის თაობაზე.
"ჩვენ გავიარეთ ეს პროცესი „მეხუთე თაობის“ კავშირგაბმულობის და კიდევ რამდენიმე სხვა ინციდენტის შესახებ ნორვეგიაში. მართალია, რუსეთიც ცდილობს ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას, მაგრამ ამ კუთხით მთავარი მოძრაობა მაინც ჩინეთის მხრიდანაა. ნამდვილად იზრდება ცოდნა იმის შესახებ, რა შეიძლება მოჰყვეს ამ ინვესტიციებს. ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში არსებული უფრო გულუბრყვილო მიდგომა შეიცვალა, ვერ ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე სრულად მოვმწიფდით ამ კუთხით, მაგრამ ფოკუსი და ყურადღება, სააგენტოთაშორისი თანამშრომლობა ნამდვილად გაუმჯობესდა ამ პრობლემასთან გასამკლავებლად", - ამბობს ორჰანი.
ჩინეთის ინტერესი და ინვესტიციები ევროპულ ქვეყნებში განსაკუთრებით ევროზონის კრიზისის დროს გაიზარდა, 2008-2011 წლებში, მათ შორის იტალიაში, საბერძნეთში. „ბელტ ენდ როუდის“ ინიციატივის ხელმოწერა იყო ოფიციალური ნაბიჯი, მაგრამ არა დასაწყისი და არც პიკური წერტილი.დარიო კრისტიანი
ანალიტიკოსები საუბრობენ იმაზეც, რომ თუკი ზოგ შემთხვევაში კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის აღქმა ნათელია, ჩინური ინვესტიციები მაინც პოულობს გზას ისეთ სფეროებში, რომლებიც ერთი შეხედვით, არ ემუქრება ქვეყნის უშიშროებას, თუმცა ამა თუ იმ ეტაპზე ან სხვა ფაქტორებთან კავშირში, შესაძლოა რისკის შემცველი აღმოჩნდეს. იქნება ეს ევროპული სამხედრო ბაზების სიახლოვეს იჯარით აღებული პორტის ტერმინალები, აეროპორტები თუ სხვა. რაც შეეხება ელექტროენერგიას და ციფრულ ინფრასტრუქტურას, ქვეყნებში მეტი აღქმა არსებობს იმისა, რომ ეს კრიტიკული ინფრასტრუქტურაა და მათზე გავლენის მოპოვება დაუშვებელია. ენერგოსექტორი და ინოვაციური კომპანიები კი როგორც წესი, ჩინურ კაპიტალს ყველაზე მეტად იზიდავს.
2019 წელს იტალია დიდი შვიდეულის წევრი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელის „ბელტ ენდ როუდის“ ინიციატივას ოფიციალურად შეუერთდა. თუმცა, ჩინური კაპიტალის შედინება ევროპაში ბევრად უფრო ადრე დაიწყო.
დარიო კრისტიანი, გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ჩინეთი ამ რეგიონით განსაკუთრებითაა დაინტერესებული. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთი მისი გეო-ეკონომიკური გათვლების მნიშვნელოვანი ელემენტია.
"თუმცა, ინტერესი და ინვესტიციები ევროპულ ქვეყნებში განსაკუთრებით ევროზონის კრიზისის დროს გაიზარდა, 2008-2011 წლებში, მათ შორის იტალიაში, საბერძნეთში. „ბელტ ენდ როუდის“ ინიციატივის ხელმოწერა იყო ოფიციალური ნაბიჯი, მაგრამ არა დასაწყისი და არც პიკური წერტილი“, - ამბობს კრისტიანი.
საფრთხეებზე საუბრობენ ევროკავშირისა და ნატოს უმაღლესი ტრიბუნებიდანაც. ევროზონაში ინვესტიციების შემოწმების ახალი, უფრო მკაცრი მექანიზმები ამოქმედდა და ზოგიერთი მათგანი წარმატებით დაიბლოკა კიდეც. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა მეტი მსჯელობა იმაზე, კონკრეტულად რა შეიძლება იქცეს ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით საშიშ ინვესტიციად მაშინ, როდესაც საქმე ჩინურ კაპიტალს შეეხება.
Your browser doesn’t support HTML5
მარაიკა ოჰლბერგი - გერმანიის მარშალის ფონდის აზიის პროგრამის უფროსი მკვლევარი - ამბობს, რომ ევროპაში ნამდვილად მნიშვნელოვნად შეიცვალა ჩინური კაპიტალის აღქმა, თუმცა პრობლემური სფეროებიც ბევრია.
“მართალია, მკაფიოდ ბევრს ვსწავლობთ იმის შესახებ, თუ როგორ გავუმკლავდეთ ჩინურ ინვესტიციებს, მაგრამ ვფიქრობ, მიუხედავად ამისა, კვლავ არის ზოგიერთი სფერო, ე.წ. ბრმა წერტილები, განსაკუთრებით მყარი ინფრასტრუქტურის კუთხით, რომლებსაც ვფიქრობ, რომ უფრო ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ და ეს ჯერ არ გაგვიკეთებია. თავად ჩინეთის სტრატეგგიებიც იცვლება და ვითარდება და ჩვენ ამასაც უნდა ავუწყოთ ფეხი“, - მიიჩნევს მკვლევარი.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ჩინური ინვესტიციების რაოდენობა ევროპაში შემცირდა, ქვეყნები კვლავ ცდილობენ იპოვონ ფრთხილი ბალანსი ეკონომიკური ღიაობის პრინციპსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს შორის.