ჩინეთი უკრაინას ეუბნება, რომ რუსეთს იარაღს არ აწვდის

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ კოლეგას განუცხადა, რომ პეკინი არ აწვდის რუსეთს იარაღს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის,- ნათქვამია კვირას გავრცელებულ განცხადებაში.

შაბათს, მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ვანგ იიმ დმიტრო კულებას განუცხადა, რომ ჩინეთი „არანაირ სარგებელს არ იღებს შექმნილი სიტუაციით და არ ყიდის ლეტალურ იარაღს კონფლიქტის ზონებში, ან კონფლიქტის მხარეებზე“, - ნათქვამია, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩინეთი ამბობს, რომ უკრაინის კონფლიქტში ის ნეიტრალური მხარეა. თუმცა, პეკინის მიმართ გამუდმებით ისმის კრიტიკა იმის გამო, რომ უარს ამბობს დაგმოს მოსკოვის ქმედებები და ომი უკრაინაში.

ჩინეთმა და რუსეთმა ბოლო წლებში გააძლიერეს ეკონომიკური თანამშრომლობა და დიპლომატიური კონტაქტები. გარდა ამისა, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, კიდევ უფრო გაღრმავდა.

ასევე ნახეთ: ჩინეთი კიევისგან მისი კომპანიების "ომის დამფინანსებელთა" სიიდან ამოღებას ითხოვს

პეკინი, რუსეთისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, ბრალდებებს ყოველთვის უარყოფდა.

„როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო ვითარება, ჩინეთი იმედოვნებს, რომ ჩინეთ-უკრაინის ურთიერთობები ნორმალურად განვითარდება და გააგრძელებს ორი ხალხისთვის სარგებლის მოტანას“, - განუცხადა ვანგმა კულებას.

„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო უკრაინას, რომ დაეხმარა ჩინელ ხალხს ევაკუაციაში საგანგებო პირობებში. ჩინელი ხალხი ამას არასოდეს დაივიწყებს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

”ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ როლს ომის ადრეული დასრულებისა და მშვიდობის აღდგენის საქმეში”, - განუცხადა ვანგმა კულებას.