პეკინი ვაშინგტონს კონფლიქტის რისკზე მიანიშნებს

შეერთებულმა შტატებმა უნდა შეცვალოს თავისი „დამახინჯებული“ დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას მოჰყვება „კონფლიქტი და დაპირისპირება“. განცხადება ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამშაბათს, 7 მარტს გააკეთა.

ცინ განი ამბობს, რომ შეერთებული შტატები, წესებზე დაფუძნებულ კონკურენციაში ჩართვის ნაცვლად, ჩინეთის ჩახშობით და შეკავებით იყო დაკავებული.

ასევე ნახეთ: უკრაინა და ჩინეთი ბაიდენისა და შოლცის შეხვედრის მთავარი თემები იქნება

„აშშ-ის აღქმა და შეხედულებები ჩინეთის შესახებ, სერიოზულად დამახინჯებულია. ის ჩინეთს უპირველეს კონკურენტად და ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გამოწვევად მიიჩნევს. ეს პერანგზე პირველი ღილის არასწორად დაკერებას ჰგავს“ - განაცხადა განმა, რომელიც პრეზიდენტ სი ძინ პინის სანდო მოკავშირეა და მანამდე, შეერთებულ შტატებში, ჩინეთის ელჩის პოსტს იკავებდა.

შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის, ურთიერთობები წლების განმავლობაში, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, დაძაბული იყო. მათ შორისაა ტაივანის, ვაჭრობის საკითხები და ახლა უკვე უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის ომი. ამასთან, ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში, შეერთებულმა შტატებმა, ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ჩინური აეროსტატი ჩამოაგდო, რომელსაც ვაშინგტონის მტკიცებით, პეკინი ჯაშუშური მიზნებისთვის იყენებდა. ვაშინგტონი აცხდებს, რომ პეკინთან კონფლიქტს არ ესწრაფვის.

„თუ შეერთებული შტატები არ დაამუხრუჭებს და არასწორ გზაზე სწრაფად მოძრაობას გააგრძელებს, ვერანაირი დამცავი რელსები ვერ შეუშლის ხელს რელსებიდან გადავარდნას, რომელიც იქცევა კონფლიქტად და დაპირისპირებად. და ვინ აიღებს პასუხისმგებლობას კატასტროფულ შედეგებზე?“ - აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამერიკელი ოფიციალური პირები ხშირად საუბრობენ ორმხრივ ურთიერთობებში დამცავი ზღუდის შექმნაზე, რათა თავიდან აიძილონ დაძაბულობა მიმდინარე კრიზისში.

ასევე ნახეთ: ბლინკენი ჩინეთს აფრთხილებს, არ დაეხმაროს რუსეთს უკრაინაში წარმოებულ ომში

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეს განცხადებები პარლამენტში გამართული ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ჩინეთი კვლავ უარს ამბობს, დაგმოს უკრაინაში რუსეთის კიდევ ერთხელ შეჭრა და სრულმასშტაბიანი ომის წამოწყება. მიუხედავად დასავლეთის კრიტიკისა, პეკინი ასევე უარს ამბობს რუსეთის აგრესორად მოიხსენიებაზე. ამასთან, პეკინი კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ პეკინი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას განიხილავს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, პეკინმა და მოსკოვმა „ულიმიტო“ პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.