ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჩინეთს და ევროკავშირს შორის მორიგი სამიტი პეკინში გაიმართება. 4 დეკემბრის განცხადების მიხედვით, უმაღლესი დონის შეხვედრა ხუთშაბათს, 7 დეკემბერს შედგება. ევროპის კავშირის და ჩინეთის ლიდერები განიხილავენ ისეთ სტრატეგიულ და გლობალურ ეკონომიკურ საკითხებს, რომლებიც ორივე მხარის საერთო ინტერესებშია.
"ჩინეთი და ევროპა პარტნიორები არიან და არა კონკურენტები... ჩვენი საერთო ინტერესები ბევრად აღემატება განსხვავებებს ჩვენ შორის", - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვანგ ვენბინმა უწყების რეგულარულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შეხვდება ევროპის საბჭოს პრეზიდენტს - შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს - ურსულა ფონ დერ ლეიენს.
ასევე ნახეთ: ჩინეთი ევროპელი ტურისტების ნაწილისთვის სავიზო მოთხოვნას აუქმებსსამიტს წინ უძღოდა ბოლო თვეების განმავლობაში გამართული, ბევრი მაღალი დონის შეხვედრა, რომლებზეც მხარეები რთული ურთიერთობის ფონზე, საერთო ენის გამონახვას ცდილობდნენ.
ევროკავშირმა ზაფხულში პირობა დადო, რომ ჩინეთზე დამოკიდებულებას შეამცირებდა და ასევე განიხილა ის, თუ როგორ შეიძლებოდა პარალელურად, ბალანსის მიღწევა „რისკებისგან თავის დაღწევასა“ და თანამშრომლობას შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა მაგალითად, კლიმატის ცვლილება. სექტემბერში, ევროკავშირის სავაჭრო კომისრის ვალდის დომბროვსკისის პეკინში ვიზიტის შემდეგ, ბრიუსელი დათანხმდა მათ შორის მიმდინარე დავის გადაწყვეტის მექანიზმების შექმნას.
ოქტომბერში, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განუცხადა ჩინეთის ოფიციალურ პირებს, რომ ბრიუსელი სერიოზულად ეკიდებოდა ჩინეთს და იგივე მოლოდინი ჰქონდა მათგან გეოპოლიტიკის და ვაჭრობის საკითხებში. ნოემბერში, ჩინეთმა საპასუხო ნაბიჯი გადადგა და თქვა, რომ დროებით დაუშვებს უვიზო მიმოსვლას ევროპული ბლოკის ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის - საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ნიდერლანდების ჩათვლით.