ჩინეთი აცხადებს, რომ პატივს სცემს ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოთა სუვერენულ სტატუსს. განცხადება ორშაბათს, 24 აპრილს, ქვეყნის საგარეო უწყებამ ევროპის დედაქალაქებში ხმაურიან რეაქციაზე პასუხად გააკეთა, რაც ჩინეთის ელჩის სატელევიზიო კომენტარებმა გამოიწვია.
მთელი რიგი ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აპროტესტებენ ჩინეთის ელჩის, ლუ შაის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას უკრაინაზე და ყოფილ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ სხვა ქვეყნებზე, რომელიც მან პარასკევს, საფრანგეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა. ევროპელი მინისტრები მის განცხადებას მიუღებლად თვლიან და ოფიციალური პეკინისგან განმარტებებს ითხოვენ.
ასევე ნახეთ: "შოკისმომგვრელზე მეტი" - ბერბოკი ჩინეთში ვიზიტზეროცა ლუ შაის ჰკითხეს, თვლის თუ არა, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილია, ჩინეთის ელჩმა თქვა, რომ ისტორიულად ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში იყო, მაგრამ საბჭოთა პერიოდში, ქვეყნის ყოფილმა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ის უკრაინას გადასცა. შემდეგ კი მან პასუხი ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაზე განავრცო და შემდეგი რამ თქვა: "ამ ყოფილ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ქვეყნებს საერთაშორისო კანონმდებლობით ნამდვილი სტატუსი არ გააჩნიათ, რადგან არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც მათი სუვერენიტეტის მატერიალიზაციას ახდენს" - განაცხადა ლუ შაიმ.
"აბსოლუტურად მიუღებელი" უწოდა ამ კომენტარებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატების შეკრების წინ. "იმედი მაქვს, ამ ელჩის ხელმძღვანელები მომხდარს გამოასწორებენ" - თქვა მან. ანალოგიური განცხადებები გაკეთდა სხვა მინისტრების მხრიდანაც. ბალტიისპირეთის ქვეყნებში კი ჩინეთის ელჩის განმარტებისთვის დაბარება გადაწყვიეტეს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინგმა მომხდარზე პასუხად განაცხადა, რომ ჩინეთი პატივს სცემს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენიტეტს. პეკინი ამ მიმართულებით "ობიექტური და მიუკერძოებელი" იყო - განაცხადა მან პეკინში, ჟურნალისტებთან გამართულ რეგულარულ ბრიფინგზე.
Your browser doesn’t support HTML5