ჩინეთმა ჰონგ-კონგში განთავსებულ სამხედრო ბაზაზე შეიარაღებული ძალების კონტიგენტი ჩაანაცვლა. ჰონგ-კონგში ახლა 1997 წლის შემდეგ ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისია.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო აცხადებს, რომ ეს ჩვეულებრივი, გეგმიური როტაციაა როგორც პერსონალის, ისე სამხედრო აღჭურვილობის. სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, როგორ შედის ბაზაზე სამხედრო და სატვირთო ავტომობილების კოლონა.
ჰონგ-კონგში თითქმის სამი თვეა უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო ტალღა თავდაპირველად იმ კანონპროექტის გამო აგორდა, რომლის მიხედვითაც ჰონგ-კონგში დაკავებული პირები სასამართლოს ჩინეთის საპატიმროებში უნდა დალოდებოდნენ. მოგვიანებით კი, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ კანონპროექტზე უარი თქვა, პროტესტი პროდემოკრატიულ მოძრაობაში გადაიზარდა, რომლის სხვა მოთხოვნებს შორის პოლიციის მხრიდან ძალადობისა და სისასტიკის ფაქტების გამოძიებაცაა.