ჩინეთი იწუნებს ჯანმოს ინიცირებულ გეგმას კოვიდ-19-ის წარმოშობის შესასწავლად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ წარმოდგენილი გეგმა, კორონავირუსის წარმოშობის შესახებ, გამოძების მეორე ფაზაზე გადადის. სწორედ ამასთან დაკავშირებით, ჩინეთს კითხვები გაუჩნდა, ისინი გეგმას იწუნებენ.

ჯანმოს მიერ წარმოდგენილი გეგმა სხვა ვერსიებთან ერთად, მოიცავს ჰიპოტეზას, რომ, შესაძლოა, ვირუსი ჩინური ლაბორატორიიდან გავრცელებულიყო.

ჯანმოს მიერ წარმოდგენილი გამოძიების მეორე ფაზა, სხვა ღონისძიებებთან ერთად, მოიცავს ლაბორატორიებისა და ბაზრების აუდიტსაც. ორგანიზაციამ ამ დაწესებულებების მესვეურებს სთხოვა, მისცენ გამჭვირვალედ და ღიად მუშაობის საშუალება.

"ჩვენ არ მივიღებთ წარმომავლობის ძიების ამგვარ ფორმებს, რადგან გარკვეულ ასპექტებში ის უგულვებელყოფს საღ აზრს და ეწინააღმდეგება მეცნიერებას",- თქვა ზენგ უიშიმ, ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ვიცე-მინისტრმა.

ასევე ნახეთ: ჯანმო ჩინეთს ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს

ზენგმა თქვა, რომ იგი შეცბა, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გეგმა პირველად წაიკითხა, რადგან მასში წამოყენებულია ჰიპოთეზა, რომ ჩინეთის მიერ ლაბორატორიული პროტოკოლების დარღვევამ გამოიწვია ვირუსის გაჟონვა.

ჯანმოს ხელმძღვანელმა ივლისის დასაწყისში განაცხადა, რომ ჩინეთში COVID-19-ის პანდემიის წარმოშობის გამოძიებას, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პირველ დღეებში მონაცემების არარსებობა აფერხებს.

ჩინეთის ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ მონაცემების ნაწილს კონფიდენციალურობის გამო არ ასაჯაროებენ.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჯანმო სერიოზულად შეხედავს ჩინელი ექსპერტების მიერ წარმოდგენილ შეხედულებებსა და შეთავაზებებს, კოვიდ-19-ის წარმოშობის კვალს ნამდვილად მეცნიერული გზებით მოიძიებს და გათავისუფლდება პოლიტიკური ჩარევებისგან",- აცხადებს ზენგი.