შეერთებულ შტატებში გამგზავრების მსურველ ტურისტებს და სტუდენტებს ჩინეთი აფრთხილებს, რომ ისინი შეიძლება აშშ-ის პოლიციისგან დამცირების ობიექტი გახდნენ, ან ადგილობრივი კრიმინალების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება დღეს გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ჩინეთის მოქალაქეებზე ძალადობა გახშირდა როგორც შეერთებული შტატების საზღვარზე, ასევე პოლიციის მოულოდნელი ვიზიტების მხრივ.
ანალოგიური განცხადებები გავრცელდა ჩინეთის კულტურის და ტურიზმის სამინისტროს მიერ. ამერიკაში გამგზავრების მსურველებს აფრთხილებენ, რომ შეერთებულ შტატებში ხშირად ხდება ძალადობა, სროლა და ქურდობა.
ერთი დღით ადრე, განათლების სამინისტრომაც გააფრთხილა ჩინელი სტუდენტები და პროფესურა. სამინისტროს წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ შეერთებულ შტატებში სავიზო რეჟიმი გამკაცრდა, რაც ვიზაზე პასუხის ხშირ დაგვიანებებში, ან ამერიკის ვიზის მიღებაზე უარის თქმაში გამოიხატება.
ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებებს წინ უძღოდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობაში გაჩენილი ღრმა ბზარი. თვეობით გაწელილი სავაჭრო მოლაპარაკებები, რასაც ხშირად ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომს უწოდებენ, ტარიფების სერიული გაზრდით დასრულდა.