ჩეჩენი ბლოგერი და ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის აქტიური კრიტიკოსი იმრან ალიევი საფრანგეთში მოკლული იპოვეს. 44 წლის ალიევი სასტუმროში იმყოფებოდა და როგორც ირკვევა, რამდენიმე ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
ამ ინფორმაციას "სააგენტო ფრანს პრესი" ავრცელებს იმ ადამიანებზე დაყრდნობით, რომლებიც გამოძიების იცნობენ. მისი ცხედარი ხუთშაბათ დილით რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარე სასტუმროს იმ ოთახში იპოვეს, რომელსაც ის მანსუ სტარის ფსევდონომით ქირაობდა. მას რამდენიმე ჭრილობა ყელში აქვს მიყენებული. დანა, რომელიც დანაშაულის სავარაუდო იარაღია, მის გვერდითვე იპოვეს.
გამოცემის წყარო ამბობს, რომ ალიევი საფრანგეთში ბელგიიდან მკვლელობის წინა დღეს ჩამოვიდა. კადიროვის მიმართ მისი აქტიური კრიტიკის გამო, არსებობს მოსაზრება, რომ მკვლელობას შესაძლოა პოლიტიკური მოტივი ჰქონოდა.
ქალაქ ლილეს პროკურატურას ამ დრომდე გამოძიების ფარგლებში არავინ დაუკავებია, თუმცა დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან თავს იკავებს.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ერთგული მოკავშირე რამზან კადიროვი ჩეჩნეთს უკვე 2007 წლიდან მართავს. ბოლო წლებში, საეჭვო გარემოებებში მისი არაერთი მოწინააღმდეგე თუ მეტოქე გარდაიცვალა, მათ შორის რუსეთის რესპუბლიკის საზღვრებს გარეთაც. გასული წლის აგვისტოში, ცეცხლსასროლი იარაღით ბერლინში მოკლეს ზელიმხან ხანგოშვილიც, რის შემდეგაც გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. თუმცა, მოსკოვი მკვლელობასთან რაიმე კავშირს გამუდმებით უარყოფს.