საქართველოს მეზობლად ინგუშეთში პრეზიდენტ იუნუს-ბექ ევკუროვის გადადგომას ითხოვენ. 26 სექტემბერს, მას შემდეგ რაც ევკუროვმა ჩეჩნეთს საკმაოდ დიდი ტერიტორია დაუთმო, ინგუშთა ტეიპების უმრავლესობამ პრეზიდენტს ღალატში დასდო ბრალი.
ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში სტიქიური მიტინგი, რომელშიც 30 000-მდე ადამიანია ჩაბმული, დღემდე გრძელდება. საპროტესტო აქცია 15 ოქტომბრამდეა სანქცირებული, ევკუროვმა მადლობა გადაუხადა კრემლს, რომ მიტინგის ძალისმიერი გზით დაშლას ჯერჯერობით, "არ აიძულებენ".
აქციის პირველ დღეებში, ინგუშეთის OMON-მა ხალხის დარბევის ბრძანება არ შეასრულა. რესპუბლიკაში ამ დრომდე გათიშულია მობილური ინტერნეტი, შეზღუდვებია სატელეფონო და ინტერნეტ კავშირზე, გადაადგილებაზე, შეყვანილია დამატებითი სპეციალური დანიშნულების და როსგვარდიის ნაწილები.
სიტუაცია ჩიხშია - ინგუშები მიწების დაბრუნებას კატეგორიულად ითხოვენ, ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ამას კატეგორიულად გამორიცხავს. პრეზიდენტის პოსტის დატოვებაზე არც ევკუროვი ფიქრობს. დღეს, გამოგონილი ბრალდებებით, საპროტესტო აქციის ორი ლიდერი დააპატიმრეს.
მოსკოვი ფედერაციის ორი სუბიექტის დავაში თითქოს არ ერევა, თუმცა ცნობილი ინგუში მწერლისა და პოლიტიკური მოღვაწის, ინგუშთა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის "ნიისხოს" (სამართლიანობა) ფუძემდებლის ისა კოაზოის აზრით, ვაინახებს შორის შუღლის ჩამოგდების უკან სწორედ რუსეთი დგას.
„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ზაზა წულაძე 80 წლის ისა კოაზოის ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში დაუკავშირდა:
ინგუშეთის პრეზიდენტსა და პარლამენტს არ შეიძლება არ სცოდნოდათ, რა რეაქცია ექნებოდა ხალხს ჩეჩნეთისთვის მიწების გადაცემაზე... რატომ ჩაიყენა პრეზიდენტ ევკუროვმა ასეთ რთულ სიტუაციაში თავი? დღეს ხომ პრაქტიკულად ყველა ინგუშური ტეიპი მის წინააღმდეგ გამოდის, თქვენი აზრით, მას არ დაუტოვეს არჩევანი?
მე მგონია, რომ ზემოდან იყო ბრძანება. რამზანმა (კადიროვმა) მოინდომა ამ მიწების წაღება და ჩვენი პრეზიდენტი ასე მოსკოვის ზეწოლით მოიქცა. ჩვენთან, ჩრდილოეთ კავკასიაში, ხალხები ფორპოსტებად და გარიყულებად იყოფა. აქამდე ფორპოსტი ჩრდილოეთ ოსეთი იყო. ახლა ფორპოსტის სტატუსზე ჩეჩნეთს აქვს პრეტენზია. ფორპოსტებს ძალიან ბევრი რამის უფლება აქვთ, რისი უფლებაც უბრალო ხალხებს არ გვაქვს.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკებმა მხოლოდ 1290 ჰექტარი მიწა გაცვალეს...
როცა გასაიდუმლოებული ხელშეკრულება გასაჯაროვდა, ნათელი გახდა, რომ რეალურად ინგუშეთი 26 000-დან 32 000-მდე ჰექტარ მიწას კარგავს. კარტოგრაფები ამ დოკუმენტს კიდევ სწავლობენ. ის 1000 ჰექტარიც, რომელიც თითქოს ჩეჩნეთმა „გადმოგვცა“ ოფიციალურად ინგუშეთის ტერიტორიაა.
როცა გასაიდუმლოებული ხელშეკრულება გასაჯაროვდა, ნათელი გახდა, რომ რეალურად ინგუშეთი 26 000-დან 32 000-მდე ჰექტარ მიწას კარგავს"
არ ვიცი ევკუროვი რაზე ფიქრობდა, ეგონა, რომ რადგან ეს მიწები მთაშია, იქ ადამიანები არ ცხოვრობენ, ინგუშები ამას გულთან ახლოს არ მიიტანდნენ? ეს უძველესი ინგუშური მიწებია, იქ ძალიან ბევრი ისტორიული ძეგლია: უძველესი კოშკები, აკლდამები, სიწმინდეები. ადამიანებისთვის მხოლოდ ის არ არის ძვირფასი, რომ მიწა მატერიალურ სიმდიდრეს გვაძლევს, პირველ რიგში ისტორიასა და წარსულშია სიმდიდრე.
რამდენად საფუძვლიანია ვერსია, რომ კადიროვს ამ მიწების წაღება იმიტომ სურს, რომ იქ ნავთობის მარაგია? როგორც ცნობილია, საზღვრის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ფედერალურ საკუთრებაში არსებული „ჩეჩენნეფტხიმპრომი“ ჩეჩნეთის ხელისუფლებას "საჩუქრად" გადასცა...
იქ ნამდვილად არის დატიხის საბადო, რომელიც გოგირდწყალბადის მაღალი შემცველობის ზონაშია, ამის გამო, ნავთობის მოპოვებაზე უარი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში თქვეს. არ ვიცი, რას ფიქრობს რამზანი, იქნებ მართლაც სურს რუსებთან ერთად ნავთობის ბიზნესის დაწყება. მაგრამ, ინგუშებს საკუთარი მშობლიური მიწა, ისტორია უნდათ. ბიზნესს, მატერიალურ სიმდიდრესა და სამშობლოს შორის არის განსხვავება. მით უმეტეს, რომ ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი ერზის სახელმწიფო ნაკრძალის კუთვნილებაა.
ხომ არ ფიქრობთ, რომ ვაინახებს შორის ახალი კონფლიქტის ჩასახვა, კავკასიაში რუსეთის მხრიდან საუკუნეების მანძილზე აპრობირებული სცენარით ხდება, მოსკოვი ისევ ცდილობს დაატაკოს ავტოქთონი ხალხები, შემდეგ კი მომრიგებლად მოგვევლინოს, იმის ხაზგასასმელად, რომ კავკასიის ხალხებს რუსეთის გარეშე, თავისუფლად და ნორმალურად ცხოვრება არ შეუძლიათ..
არ ვიცი არსებობს თუ არა ასეთი სცენარი ახლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თავად რუსეთის ფედერაციისთვის ახალი კონფლიქტის გაჩაღება ჩრდილოეთ კავკასიაში უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება. ამჟამად რუსეთში ძალიან მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა, ჩრდილოეთ კავკასიაში ეს განსაკუთრებით იგრძნობა.
ვინმეს მართლა ჰგონია, რომ თუ კადიროვმა ჩვენი მიწები ასეთი ფორმით წაიღო და შერჩა, ის ამით დაკმაყოფილდება და ხვალ, მაგალითად, დაღესტნისკენ არ გაიხედავს? ეს პრეცედენტი მთელ კავკასიას ააფეთქებს"
ამ ფონზე, ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია. აქ სტაბილურობა თუ დაირღვა, რუსეთისთვის ძალიან სახიფათო იქნება. თუ მოსკოვში ასეთ სცენარს ისევ განიხილავენ, ვფიქრობ, რომ ძალიან ცდებიან და დიდ უბედურებას დაიტეხენ თავს.
ვინმეს მართლა ჰგონია, რომ თუ კადიროვმა ჩვენი მიწები ასეთი ფორმით წაიღო და შერჩა, ის ამით დაკმაყოფილდება და ხვალ, მაგალითად, დაღესტნისკენ არ გაიხედავს? ეს პრეცედენტი მთელ კავკასიას ააფეთქებს, რადგან მიწა და საზღვარი აქ ყველაზე მგძნობიარე თემებია.
არის იმედი რომ ეს რთული ვითარება ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის მშვიდობიანად მოგვარდება და საღი აზრი გაიმარჯვებს?
ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც ჩვენი, ისე ჩეჩნეთის ხელისუფლება უკან დაიხევს, დაინახავს ხალხის განწყობას. ფიქრიც კი არ მინდა იმაზე, რომ დაპირისპირება რაიმე სერიოზულში გადაიზრდება, ვაინახებისთვის ეს დამღუპველი იქნება. ჩეჩნებს ინგუშებთან შედარებით, 5-ჯერ დიდი ტერიტორია აქვთ, მოსახლეობით კი მხოლოდ 2,5 ჯერ მეტნი არიან. მათ საკმარისი მიწები აქვთ. ინგუშებს კი ჩვენი ისტორიული ტერიტორიიდან მიწის ნაგლეჯიღა დაგვრჩა.
რამდენად სწორია პარალელების გავლება ამჟამინდელ დაპირისპირებასა და ინგუშურ-ოსურ კონფლიქტს შორის, რომელიც პრიგოროდნი რაიონის გამო მოხდა და დიდი სისხლისღვრით დასრულდა?
ასეთი პარალელი უზუსტოა. 1944 წლამდე, სანამ ინგუშების შუა აზიაში დეპორტაცია მოხდებოდა, პრიგოროდნი რაიონი ჩვენი მიწა იყო, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიურ ოლქში შედიოდა და იქ ინგუშები ისტორიულად ცხოვრობდნენ.
ქართველები ერთადერთი ხალხი იყო, რომელმაც სრულად და ძმურად უკან დაგვიბრუნა ჩვენი ტერიტორიები და სახლ-კარი, როგორც კი სამშობლოში დაბრუნების უფლება მოგვცეს. ეს ინგუშებს არასოდეს დაგვავიწყდება"
დეპორტაციის შემდეგ, ეს რაიონი თავისი სოფლებით, მათ შორის ანგუშტით, საიდანაც 5 წლის ასაკში, ჩემს ოჯახთან ერთად ყაზახეთში გადამასახლეს, ჩრდილოეთ ოსეთს გადასცეს. ინგუშეთისა და ჩეჩნეთის დანარჩენი ტერიტორიებიც, 1957 წლამდე, ჩრდილოეთ ოსეთს, რუსეთის ფედერაციას, დაღესტანსა და საქართველოს შორის იყო გადანაწილებული.
ქართველები ერთადერთი ხალხი იყო, რომელმაც სრულად და ძმურად უკან დაგვიბრუნა ჩვენი ტერიტორიები და სახლ-კარი, როგორც კი სამშობლოში დაბრუნების უფლება მოგვცეს. ეს ინგუშებს არასოდეს დაგვავიწყდება. ზუსტად ანალოგიურად დაუბრუნეს ქართველებმა მიწები ჩეჩნებს, ბალყარელებს, ყაბარდოელებს..
პრიგოროდნი რაიონი კი ინგუშეთს აღარ დაუბრუნეს და ჩრდილოეთ ოსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა, ისევე როგორც ჩვენი სხვა მიწები. იქ დასახლების უფლებას წლების მანძილზე არ გვაძლევდნენ. ეს იყო ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც მაშინ ჩაიდო და 1992 წელს აფეთქდა.
რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, დარწმუნებული ვარ, რომ ჩეჩნების 90% მხარს გვიჭერს და ინგუშებთან კონფლიქტი არ სურთ. ყოველდღე მირეკავენ, გვამხნევებენ, მეუბნებიან, რომ ჩვენი მიწების წაღება არ უნდათ და ამას ჩეჩნეთის ხელისუფლება აკეთებს. ამიტომ ღრმად მწამს, რომ ინგუშებსა და ჩეჩნებს შორის რაიმე კონფლიქტი, მით უმეტეს შეიარაღებული, მიწის გამო გამორიცხულია, ღმერთმა არ ქნას!
საქართველოში დიდი ინტერესით და მღელვარებით ადევნებენ თვალს ინგუშეთსა და ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებს..
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ინგუშებისთვის, რომლებიც ქართველ ხალხთან ყოველთვის მეგობრული და ძმური ურთიერთობით ცხოვრობდა. იდარდეთ და ილოცეთ ჩვენთვის, რომ აქ ყველაფერი მშვიდობით და კარგად დასრულდეს.
Facebook Forum