სენატორი კარდინი საქართველოზე: შემაშფოთებელია დემოკრატიული განვითარების შენელება

შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია, "ამერიკის ხმასთან" საქართველოში 2 ოქტომბრის არჩევნებს აფასებს. კომისიის თავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი "ამერიკის ხმისთვის" მიწოდებულ, წერილობით განცხადებაში, საქართველოს ულოცავს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ „შემაშფოთებელია დემოკრატიული განვითარების ზოგადი ტენდენციის შენელება“.

სენატორი ხაზს უსვამს, რომ ის იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც თბილისში ამერიკის საელჩომ და ეუთომ გამოთქვეს და ასევე, აღნიშნავს, რომ აშფოთებს ცნობები საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის მოსმენის შესახებ.

„მე ვულოცავ ქართველ ხალხს 2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე მათი ხმის გაგონებას. პანდემიის მიუხედავად ქართველი ამომრჩეველი დიდი ძალით მივიდა არჩევნებზე და აჩვენა განგრძობითი ერთგულება მათი ახალგაზრდა დემოკრატიის დაცვისა და განვითარების მიმართ. ეუთოს დამკვირვებლების მიხედვით, არჩევნები ძირითადად მშვიდობიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, პლურალისტურ გარემოში, რომელმაც ასახა ამომრჩევლის ნება. ეს ნამდვილი მიღწევა აჩვენებს იმ მრავალფეროვნებას, რასაც ჩვენ ქართული დემოკრატიისგან მოველით.

თუმცა, მე ვიზიარებ თბილისში შეერთებული შტატების საელჩოსა და ეუთოს შეშფოთებას, ზოგადი არათანასწორი საარჩევნო გარემოს და ამომრჩეველზე ზეწოლისა და დაშინების სარწმუნო ცნობების გარშემო. უფრო შემაშფოთებელია დემოკრატიული განვითარების ზოგადი ტენდენციის შენელება, როცა პოლარიზაცია და პერსონიფიცირერბული პოლიტიკა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, საზოგადო ნდობას ძირს უთხრის და ასევე, ცნობები, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები არაკანონიერ მიყურადებას ახორციელებენ თბილისში დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, მათ შორის უახლოეს პარტნიორებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ: ადამ შიფი საქართველოს მთავრობას სააკაშვილის მიმართ "სამართლიანი მოპყრობისკენ" მოუწოდებს

სენატორი განმარტავს, რომ ვაშინგტონისა და თბილისის თანამშრომლობის მთავარი საყრდენი საერთო ღირებულებები და დემოკრატიული პროგრესია.

„შეერთებული შტატების და საქართველოს პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებისადმი ერთგულებას, და საქართველოს მიღწევები მის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების და გლობალური პოზიციების კუთხით, დემოკრატიული პროგრესის შედეგია. მე მოველი ჩვენ ქართველ მეგობრებთან თანამშრომლობას, რათა ორმხრივი პარტნიორობა გავაცოცხლოთ და განვაახლოთ იმპულსი დემოკრატიზაციისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით“, - ამბობს კარდინი.

ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს შეიქმნა ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით. ის ამერიკის კონგრესის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კომპლექტდება.

ასევე ნახეთ: იან კელი: სააკაშვილის გასამართლება ცირკი იქნება

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა ასევე წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ადამ შიფი. მან საქართველოს მთავრობას რეფორმების გატარებისკენ და კანონის უზენაესობის გაძლიერებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას ყოფილ პრეზიდენტს „სამართლიანად მოექცნენ“.

მანამდე, სახელმწიფო დეპარტამენტში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას პრესსპიკერი ნედ პრაისი გამოეხმაურა. მისი თქმით, ვაშინგტონი მოვლენების განვითარებას ახლოს აკვირდება. "ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი ისარგებლებს თანასწორობის პრინციპით, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", - განუცხადა დეპარტამენტმა "ამერიკის ხმას."

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა.