ნიკა მელიას მოთხოვნით, პარლამენტმა მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. 5 ოქტომბერს, დადგენილებას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონმდებელთა შორის, წინაღმდეგი არც ერთი არ ყოფილა.
"ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ნიკანორ მელიას ეს განცხადება დავუკმაყოფილოთ" - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ნიკა მელიამ, პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, პარლამენტს მიმდინარე წლის 3 აგვისტოს მიმართა.
ქადაგიშვილის აცხადებს, რომ მელიას მიმართვა "კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად განიხილეს" და კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო.
ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, აღნიშნული პროცედურა რეგლამენტით არის გაწერილი და ნიკანორ მელიას განცხადების დაკმაყოფილების საკითხის განხილვა ზუსტად ჯდება რეგლამენტის მუხლებით მითითებულ ვადებში.
ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენლის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ნიკანორ მელიას განცხადებასთან ერთად, ასეთი კიდევ 50 დეპუტატის განცხადება იყო წარდგენილი, თუმცა პარლამენტის მხრიდან, არც ერთი არ დაკმაყოფილებულა.
ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება დღემდე ორჯერ აქვს შეწყვეტილი, თუმცა, არა საკუთარი სურვილით.
2019 წლის დეკემბერში, წინა, მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების" უმრავლესობამ მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე, სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკა მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.
2021 წლის თებერვალში, მეათე მოწვევის პარლამენტში, "ქართული ოცნების" უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას. გადაწყვეტილების საფუძველი იყო გენერალური პროკურორის მიმართვა, რომლითაც მან პარლამენტისგან ითხოვა თანხმობა, სასამართლოსთვის მიემართა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლის მიზნით.
საქმე ეხებოდა 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას, პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეს, რომლის გამოც მელიას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიამ აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო არ გადაიხადა.
23 თებერვალს, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა მელია დააკავეს. მან საპატიმრო 10 მაისს დატოვა, რასაც წინ უძღოდა 19 აპრილის შეთანხმება.