კანადაში ოფიციალური პირები და ექსპერტები, რომლებიც პანდემიის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე მსჯელობენ, ემიგრანტებს საკითხის გადაწყვეტის მნიშვნელოვან ნაწილად განიხილავენ.
ეს გარდაუვალიცაა, იქიდან გამომდინარე, რომ ემიგრანტებს ქვეყნის ეკონომიკაში დიდი როლი უჭირავთ.
2016 წლის მონაცემებით, კანადაში საიმიგრაციო მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ემიგრანტები ქვეყნის მოსახლეობის 21.9 მეათედ პროცენტს შეადგენს. კანადაში ემიგრანტები განსაკუთრებით აზიიდან და აფრიკიდან ჭარბობენ, შემდეგ ემიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა ევროპის კონტინენტიდან მოდის. კანადა ასევე მასპინძელია ნახევარ მილიონზე მეტი უცხოელი სტუდენტის.
ყოველწლიურად ქვეყანაში 300 000-მდე ემიგრანტი ჩადის, მაჩვენებელი პანდემიის დროს შემცირდა, რადგან ქვეყანაში მოგზაურობაზე შეზღუდვებია დაწესებული. მაგრამ, ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში კარგად მიმდინარეობს, შესაბამისად სპეციალისტები ფიქრობენ, რომ გაიზრდება ემიგრანტთა რაოდენობა.
„ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს ტორონტოს რაიერსონის უნივერსიტეტის საიმიგრაციო ექსპერტმა, ჰარალდ ბაუდერმა აღნიშნა, რომ ახლა, როგორც არასდროს, კანადისთვის ემიგრანტები ძალიან საჭიროა.
„იმიგრაცია ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი მომენტია რათა მოვახდინოთ ნახტომი და ავამუშაოთ ეკონომიკა,“- ამბობს ბაუდერი.
ემიგრანტების როლზე კანადის საიმიგრაციო სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშიც წერია, სადაც აღნიშნულია, რომ ემიგრანტები ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას უწყობენ ხელს.
Your browser doesn’t support HTML5
იმიგრაცია კანადაში დემოგრაფიულ ცვლილებებსაც უწყობს ხელს.
მიუხედავად ემიგრანტების დიდი როლისა, 2020 წელი ემიგრანტებისთვის ძალიან რთული იყო, რადგან მათმა დიდმა ნაწილმა სამსახური დაკარგა. ნაწილმა, რომელიც სამედიცინო სფეროში მუშაობდნენ პანდემიასთან ბრძოლაში დიდი როლი ითამაშეს.
პრობლემები პანდემიის დროს შეექმნათ იმ ემიგრანტებსაც, რომლებიც კანადაში ახალი ჩასულები იყვნენ და არ ჰქონდათ ლეგალური სამუშაო უფლება. არ არის გამორიცხული კანადამ საიმიგრაციო საქმეების განხილვა დააჩქაროს, რათა ემიგრანტებს მუშაობის უფლება ქონდეთ და ეკონომიკაც ამუშავდეს.