ამერიკა-კანადის საზღვარზე 6 დღის განმავლობაში მიმდინარე ბლოკადა დასრულებულია. პოლიციამ სრულად გაათავისუფლა ამბასადორის ხიდი, რომელიც ამერიკასა და კანადას ერთმანეთთან აკავშირებს.
ეს გზა ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო დერეფანია. მიმდინარე აქციების გამო ხიდზე გადაადგილება თითქმის ერთი კვირის განმავლობაში იყო შეჩერებული. სხვადასხვა მონაცემებით ამ გზაზე კანდასა და ამერიკაში სავაჭრო ბრუნვის 25 პროცენტი მოდის.
„თავისუფლების კოვოი“ ასე უწოდებდნენ მონაწილეები სასაზღვრო ზოლში მიმდინარე აქციას. პროტესტი სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა დაიწყეს, რომლებიც ამერიკაში მოქმედ კოვიდ-19-თან ბრძოლის წესებს აპროტესტებდნენ.
სატვირთო ავტომობილების მძღოლები ამერიკაში მოქმედ ვაქცინაციისა და კარანტინის ზომებს მიუღებლად აცხადებდნენ. საბოლოოდ საპროტესტო გამოსვლები საზღვრისპირა რეგიონს გასცდა, მთელ ქვეყანაში გავრცელდა და ანტისამთავრობო ხასიათი მიიღო.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენიმე დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, გზა უკვე გახსნილია და პროტესტის ეპიცენტრში სულ რამდენიმე ადამიანი რჩება.
ახლა უკვე კანადის პოლიცია იძიებს იმ შემთხვევებს, როცა აქციის მონაწილეებს პოლიციელთა ნაწილი მხარდაჭერას უცხადებდა. ასეთი შემთხვევა მოხდა ოტავაში, როდესაც აქციის მონაწილეებს კარვის აღდგენაში ადგილობრივი პოლიციელები ეხმარებოდნენ. ვიდეოში ისმის პოლიციელის ხმა, რომელიც ამბობს, „მე თქვენ ბიჭებო 100 პროცენტით გიჭერთ მხარს“ - პოლიციელის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა გამოხმაურება, პოლიციის დეპარტამენტმა თქვა, რომ კონკრეტული სამართალდამცველის განცხადება მათ პოზიციას არ გამოხატავს.
არსებული ინფორმაციით ამ დროისთვის კანადის სპეციალური ოპერაციების ძალების, სულ მცირე, ორი წევრის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს.