ყველა ელექტრონული მოწყობილობის “ტვინის” - ნახევარგამტარების, ანუ მიკროჩიპების დეფიციტმა, ტაივანის და მისი ჩიპების მწარმოებელი სექტორის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა გაზარდა.
ტაივანური კომპანია TSMC მსოფლიოში მიკროჩიპების უდიდესი მწარმოებელია. ბევრი ამბობს, რომ ამ სფეროში ტაივანის ეს სიძლიერე მისი ე.წ. “სილიკონის ფარია”, რომელსაც კუნძულის ჩინეთის აგრესიისგან დაცვა შეუძლია. სხვები კი ეჭვობენ, რომ ჩინეთისთვის უაღრესად სასურველ სექტორს ასევე შეუძლია ჩინეთს უბიძგოს, რომ ტაივანის ანექსია დააჩქაროს.
ასევე ნახეთ: ჰუავეი მოწინავე ჩიპების წარმოებას აჩერებს“ფარს” რაც შეეხება, TSMC-ის თავმჯდომარე მარკ ლიუმ “სი ბი ესს" უთხრა, რომ ტაივანის მაღალტექნოლოგიური დახმარება მთელ მსოფლიოს სჭირდება და ამის გამო ამ რეგიონში ომს არ დაუშვებენ, რადგან ეს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ტაივანში ომს მიკროჩიპების გლობალური მომარაგების მოშლის პოტენციალი აქვს. მსოფლიოში წელიწადში 1 ტრილიონზე მეტი ჩიპი მზადდება, რომლის მეხუთედსაც TSMC ამზადებს. ამასთან, ყველაზე დახვეწილი ჩიპების 90 პროცენტი სწორედ TSMC-ზე მოდის.
შეერთებულ შტატებში ბაზირებული, ნახევარგამტარების ინდუსტრიის ასოციაციის შეფასებით, “უკიდურესად ჰიპოთეტური სცენარის” შემთხვევაში, ტაივანის ჩიპების წარმოების მოშლამ, შეიძლება მსოფლიოს ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებლები წლიურად 490 მილიარდი დოლარით აზარალოს.
ფრენკ ჰუანგმა, ტაივანის ზომით მესამე ნახევარგამტარების მწარმოებელი “Powerchip Semiconductor Manufacturing Corp”-ის თავმჯდომარემ თქვა, რომ TSMC-ის ჩამოშლის შემთხვევაში ტექნოლოგიური გიგანტები, მათ შორის “ეფლი”, წამყვანი ევროპელი ავტომწარმოებლები და ჩინური კომპანიებიც კი წარმოებას შეაჩერებენ. მისი აზრით, ამის გამო, ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებამდე, ჩინეთი კიდევ ერთხელ დაფიქრდება.
ასევე ნახეთ: ჩიპების გლობალური სიმცირე ლეპტოპების, სმარტფონებისა და სხვა პროდუქტების წარმოებას საფრთხეს უქმნისმიკროჩიპების სფეროში ტაივანის დომინირებამ მისი “სილიკონის ფარის“ შესახებ მსჯელობა განაახლა. თუმცა შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ის აწუხებს, რომ ამ ფარს შესაძლოა ”ნახვრეტები ჰქონდეს” და მის ტექნოლოგიას ჩინეთის სამხედრო მანქანა იყენებდეს. გაზეთ “ვაშინგტონ პოსტში” ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სტატია, რომ ჩინურმა კომპანიამ სამხედრო ჰიპერბგერითი რაკეტების შემუშავებაში TSMC ჩიპები გამოიყენა, მაგრამ კომპანია ამ ბრალდებებს უარყოფს.
აშშ-ს ასევე აშფოთებს ის სუსტი მხარეები, რომლებიც ჩიპების წარმოების ტაივანში თავმოყრასთანაა დაკავშირებული. კუნძულზე წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდების ნაკლებობას, წარმოების შეფერხება შეეძლება.
ალექსანდერ ნილმა, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტიდან “ამერიკის ხმას” ტელეფონით უთხრა, რომ შეერთებულ შტატებს სურს TSMC-ს საწარმოო ბაზების დივერსიფიკაციაში დაეხმაროს, რათა საწარმოო პროცესის დაცვის მეორე შრე არსებობდეს. თუ პირველი შრე დაირღვევა, მეორე ფარიც იქნება, რომელიც ჩიპების წარმოებას მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებში, მათ შორის, შეერთებულ შტატებში გააგრძელებს.
TSMC-მ დაგეგმა, შემდეგი სამი წლის განმავლობაში 100 მილიარდი დოლარი ჩადოს ახალ საწარმოო ობიექტებში, მათ შორისაა ამერიკის შტატ არიზონაში, მიკროჩიპების უმაღლესი ტექნოლოგიის ფაბრიკა და ჩინეთში ბაზირებული, ავტომწარმოებლებისთვის განკუთვნილი 28 ნანომეტრის კლასის ჩიპების დამამზადებელი ფაბრიკა.
ჩინეთის მცდელობა მიკროჩიპები დაემზადებინა, წლების განმავლობაში წარუმატებელი იყო, რადგან ჩინეთს პროცესისთვის საჭირო ინტელექტუალურ საკუთრებაზე წვდომა არ აქვს. ამიტომ TSMC-ს გეგმას, ჩინეთში მდებარე თავის ნანჯინგის ფაბრიკაში გაფართოვდეს, ჩინეთში ბევრი მიესალმება.
ამასთან, ჩინელი ექსპერტები ტაივანის ე.წ. “სილიკონის ფარის” გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას აკნინებენ და ამბობენ, რომ ჩინეთი ტაივანის საკითხს საშინაო საქმედ განიხილავს და შეერთებული შტატების ქმედებები საკუთარ მიზნებზე უარს ვერ ათქმევინებს.