დღეს ბოსტონში მოწყობილი პრესკონფერენციიდან ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა კალიფორნიის შტატის წამყვანი უნივერსიტეტების კორუფციული სქემა გახსნა. საუბარია უნივერსიტეტებში სპორტსმენების ჩარიცხვის საქმეზე, მათი აკადემიური თუ სპორტული უნარების და შესაძლებლობების მიუხედავად.
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ეს ისტორიაში ყველაზე მსხვილმასშტაბიანი კორუფციული სკანდალია, რომელიც კოლეჯებში სტუდენტების ქრთამით მიღებას ეხება. "ნიუ-იორკ თაიმსის" ცნობით, ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი უკვე 50 ადამიანს წაუყენეს.
ბრალდებულებს შორის ცნობილი სახეებიც არიან. სკანდალში გახვეულია ჰოლივუდის ორი ვარსკვლავი, მსახიობი ქალები - ფელისიტი ჰაფმანი და ლორი ლაფლინი. ბრალდებულთა სიაში მოხვდნენ უნივერსიტეტების თანამშრომლები, მწვრთნელები, გავლენიანი ბიზნეს ლიდერები, მოდის დიზაინერები, თუ ადვოკატები.
ბოსტონში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე პროკურორმა ენდრიუ ლელინგმა თქვა, რომ საუბარია მილიონობით დოლარის ოდენობის ქრთამზე, რომელსაც უმაღლესი განათლების დაწესებულებაში მომუშავე ადამიანები სპორტსმენი სტუდენტების პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის საფასურად იღებდნენ. ესაა კალიფორნიის რამდენიმე წამყვანი სასწავლებელი: სტენფორდის, იელის და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტები.