კალიფორნიის ერთ-ერთ სინაგოგაში შაბათს ატეხილი სროლის გამო, კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის 19 წლის სტუდენტი დააკავეს. მომხდარ სროლაში ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა.
თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, მაგრამ მან მაშინვე 911 ნომერზე, სამაშველო სამსახურში თავად დარეკა და სროლის შესახებ აცნობა. მოგვიანებით, ის პოლიციელებს წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ჩაბარდა.
დაკავებული ჯოშ ერნესტი უნივერსიტეტის ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო. ის საექთნო ფაკულტეტზე სწავლობდა, გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, იყო იმედისმომცემი პიანისტი და "მშვიდი ადამიანი" - ასე ახასიათებენ მას თანაკურსელები და პროფესორები.
სინაგოგაზე თავდასხმამდე, ეჭვმიტანილმა ინტერნეტში ებრაელების და მუსლიმების საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა. ის მარტში, ახალი ზელანდიის მეჩეთში და გასულ ოქტომბერში, პიტსბურგის სინაგოგაში მოწყობილი მასობრივი მკვლელობების ორგანიზატორებს აქებდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეჭვმიტანილმა სავარაუდოდ, სიძულვილის დანაშაული ჩაიდინა. ინციდენტში 60 წლის ქალი, ლორი კეინი დაიღუპა. დაჭრილია სინაგოგის რაბინი, 8 წლის ბავშვი მისი 31 წლის ბიძა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას სინაგოგის წინამძღვარს, დაჭრილ რაბინს დაურეკა და მომხდარის გამო თანაგრძნობა გამოუცხადა. რაბინი გოლდსტინი ამბობს, რომ ის პრეზიდენტს 15 წუთის მანძილზე ესაუბრებოდა.
ტრამპმა "გამოხატა სიყვარული ებრაელების და მთლიანად ქალაქის საზოგადოების მიმართ" - ყვება ისროელ გოლდსტინი. ის ებრაელებს მოუწოდებს, ლოცვები მიმდინარე კვირის განმავლობაშიც ჩვეულებისამებრ გააგძელონ, რათა "ტერორიზმმა არასოდეს გაიმარჯვოს".