პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, მიწის მართვის ფედერალური ბიურო ვაშინგტონიდან ქვეყნის დასავლეთით მდებარე, კოლორადოს შტატის ერთ-ერთ ქალაქში გადაიტანოს. ამის შესახებ განცხადება ორშაბათს სენატორმა კორი გარდნერმა გააკეთა.
სენატორის თქმით, ეს არის გამარჯვება "ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მიწის საჯარო საკუთრების მომხრეებისთვის და ფედერალური მთავრობისგან პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების გაზრდის პროპონენტებისთვის". კორი გარდნერი აცხადებს, რომ ვაშინგტონის პრობლემა "ბევრ პოლიტიკოსში" და "იმ ხალხთან დაცილებაშია, ვისაც ისინი ემსახურებიან".
მიწის მართვის ბიურო, რომელშიც დაახლოებით 400 თანამშრომელია, შიდა საქმეთა დეპარტამენტს ეკუთვნის, სადაც 9 000 ადამიანია დასაქმებული. ჯერჯერობით უცნობია, თუ აქედან რამდენი გადავა კოლორადოს ქალაქ გრანდ-ჯანქშენში სამუშაოდ და საცხოვრებლად.
ბიურო დღეისთვის განკარგავს 1 მილიარდ კვადრატულ კილომეტრ საჯარო მიწას. ამ მიწების 99% ამერიკის დასავლეთის 12 შტატში მდებარეობს.
კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ ასეთი დრამატული ცვლილება შეაფერხებს ბიუროს თანამშრომლობას დანარჩენ ფედერალურ სააგენტოებთან და კონგრესის წევრებთან მუშაობას. გადასვლის მოწინააღმდეგეები ასევე ფიქრობენ, რომ ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ფედერალურ თანამშრომელთა შემცირებისკენ გადადგმული არაპირდაპირი ნაბიჯია.