თითქმის ყველას, ვინც ამერიკის შეერთებული შტატების ვიზას მოითხოვს, პირადი სოციალური გვერდის დეტალურ ინფორმაციას მოსთხოვენ. ეს ცვლილება ტრამპის ადმინისტრაციის „მკაცრი შემოწმების“ პროცესის ნაწილია, რომელიც ყველა ემიგრაციის მსურველსა თუ ვიზიტორს ეხება.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ სავიზო ფორმები შეიცვალა და აპლიკანტები ვალდებული იქნებიან წარმოადგინონ ინფორმაცია გასული 5 წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში რა სახელით იყვნენ დარეგისტრირებული. საჭირო იქნება ტელეფონის ნომრის, ელ ფოსტის, საერთაშორისო მოგზაურობისა და დეპორტაციის, თუ ასეთი რამ მოხდა, ინფორმაციის მიწოდებაც.
ახალი წესი, რომელიც პირველად 2018 წელს იყო წარდგენილი, 15 მილიონ ადამიანზე იქონიებს გავლენას. მათ შორის იქნებიან ისინიც, ვისაც ამერიკაში სწავლის, ბიზნესის წარმოების, სამუშაო ან უბრალოდ, სამოგზაურო ვიზის აღება სურს. გამონაკლისი მხოლოდ დიპლომატების ან ოფიციალური წარმომადგენლების შემთხვევაში დაიშვება.
აქამდე ასეთ დეტალურ პირად ინფორმაციას მხოლოდ იმ ადამიანებს თხოვდნენ, ვისზეც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ეჭვი არსებობდა. ყოველ წელს, დაახლოებით, 65 000 ადამიანი ხვდებოდა ამ კატეგორიაში.
Facebook Forum