რუმინეთი და ბულგარეთი ევროპის უვიზო მიმოსვლის შენგენის ზონას 31 მარტს ოფიციალურად, ნაწილობრივ შეუერთდნენ. ევროკავშირთან წლების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ, ამ ნაბიჯს ორივე ქვეყანაში მიესალმებიან და სიხარულით აღნიშნავენ.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი დენკოვი ამბობს, რომ ეს "დიდი გამარჯვებაა" მისი ქვეყნისთვის. ბულგარეთში 6.6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
"ბულგარეთი ისტორიულ ეტაპზეა, "შენგენის ზონას" უერთდება და ეს არაა პოლიტიკური კლიშე. 2007 წლის შემდეგ და ევროკავშირში ბულგარეთის გაწევრიანების შემდეგ, ეს ბულგარეთის დიპლომატიისა და ინსტიტუტებისთვის, ასევე ჩვენი პოლიტიკოსებისთვის უდიდესი წარმატებაა", - ამბობს პრემიერი დენკოვი. მან გადადგოომის თაობაზე განცხადება დაწერა, თუმცა მომავალი მთავრობის ფორმირებამდე პოსტზე რჩება.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრი მარსელ ჩიოლაკუ კი ამბობს, რომ ეს მისი ქვეყნისა და 19 მილიონი მოქალაქისთვის "დამსახურებული მიღწევაა".
"ჩვენ გვაქვს ნათელი და მტკიცე სამთავრობო გეგმა, ამ წლის ბოლომდე, "შენგენის ზონის" სრული წევრობისთვის", - განაცხადა რუმინელმა პრემიერმა.
ეს ორივე ქვეყნისთვის უდიდეს წარმატებად შეაფასა ურსულა ფონ დერ ლეიენმაც, ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ბულგარეთმა და რუმინეთმა შენგენის ზონაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები 2011 წელს დაიწყეს. 1 აპრილიდან, ორივე ქვეყნისთვის "შენგენის ზონის" სხვა ქვეყნებთან საჰაერო და საზღვაო მიმოსვლის ახალი წესები ამოქმედდება. თუმცა, გადაადგილება კვლავ შეიზღუდება საავტომობილო გზებით. ამის მიზეზი ავსტრიის წინააღმდეგობაა, რომელიც შიშობს, რომ ორივე ქვეყანასთან სახმელეთო საზღვრების გახსნა ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მიგრანტების შედინებას გაამარტივებს. თუმცა, რუმინეთსა და ბულგარეთში ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ თავისუფალი მიმოსვლა 2024 წლის ბოლომდე სრულად ამოქმედდეს.