ბრიტანეთის ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრი, გრანტ შაპსი ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვია და ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის საჰაერო სივრცის თავდაცვა, განხილვის მთავარი საგანი იყო.
კიევში ვიზიტი, შაპსისთვის პირველი ოფიციალური ჩასვლაა უკრაინაში მას შემდეგ, რაც ახალი თანამდებობა დაიკავა. ბრიტანეთი უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქვეყანაში ომი დაიწყო.
"მთელი ერის სახელით, მადლობას გიხდით ყველაფრისთის, რასაც ჩვენთვის აკეთებთ. მადლობელი ვართ თქვენი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ძალიან ვაფასებთ იმას, რომ შეგვიძლია თქვენი იმედი გვქონდეს",- ნათქვამია პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე ნახეთ: ხრისტო გროზევი: პუტინის რეჟიმი უკრაინაში ომის დასრულებამდე დაეცემაზელენსკიმ შეხვედრის დროს კიევსა და ლონდონს შორის სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბრიტანეთის დახმარებით უკრაინამ შეძლო გაეზარდა თავისი შესაძლებლობები ფრონტის ხაზზე.
ბრიტანეთმა წელს უკრაინას Storm Shadow საკრუიზო რაკეტები მიაწოდა , რომლებმაც უკრაინას საშუალება მისცეს განეხორციელებინა შორ მანძილზე დარტყმები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შაპსმა და ზელენსკიმ განიხილეს უკრაინაში საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. ამის მთავარი მიზეზი კი შიშია იმისა, რომ რუსეთი გამოიყენებს შორი დისტანციის რაკეტებს და თვითმფრინავებს ზამთრის პერიოდში ენერგო ინფრასტრუქტურის დასამიზნებლად.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს ასევე შეხვდა მისი უკრაინელი კოლეგა რუსტემ უმეროვიც, რომელიც თავადაც რამდენიმე კვირის დანიშნულია ამ პოსტზე.