ბრიტანეთის დედოფალი დაბრკოლებებით სავსე წელზე საუბრობს

დედოფალი ელისაბედი

2019 წელი "საკმაოდ დაბრკოლებებიანი" იყო - თქვა დღეს გაკეთებულ საშობაო მიმართვაში დედოფალმა ელისაბედმა. ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, ეს წელი ერთის მხრივ პოლიტიკაში ბრექსიტის ქაოტური პროცესებით აღინიშნა, სამეფო ოჯახში კი - რამდენიმე საოჯახო გაყრით და უფლისწულ ენდრიუს (დედოფლის მეორე ვაჟი) ჩამოცილებით საჯარო ცხოვრებიდან.

ბრიტანეთის მონარქის თქმით, წლის განმავლობაში ბევრი კარგი რამ მოხდა. მათ შორის დედოფალმა ელისაბედმა სიხარულით აღნიშნა ის ფაქტი, რომ მისი 93 წლის მეუღლე, საავადმყოფოში ოთხდღიანი ყოფნის შემდეგ, საშობაოდ შინ, სამეფო ოჯახში დაბრუნდა.

2019 წელი შესაძლოა ყველაზე დრამატული იყოს ბრიტანეთის უახლეს ისტორიაში. დედოფალი ელისაბედიც კი აღმოჩნდა ჩათრეული ბრექსიტის პროცესებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ქაოსში. აგვისტოში, მას მოუწია დათანხმებოდა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მოთხოვნას, პარლამენტის დროებით დათხოვნის თაობაზე. კრიტიკოსებმა ეს ნაბიჯი ბრექსიტის ჯონსონისეული გეგმის ოპონენტთა გაჩუმების მცდელობად შეაფასეს. ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრემიერის ქმედება უკანონო იყო.

ბევრი ბრიტანელი აკრიტიკებს ბორის ჯონსონს იმის გამო, რომ მან დედოფალი ამ ნაბიჯით ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. თუმცა, დედოფალ ელისაბედის რეიტინგები მოსახლეობაში ჯერ კიდევ მაღალია. ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვით, რომელიც ნოემბერში ჩატარდა, სამეფო ოჯახის პოპულარობა 72 პროცენტს უტოლდება.

დედოფლის საშობაო მიმართვის დროს, სამეფო კარის ანალიტიკოსთა ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ მის მაგიდაზე დაწყობილ ოჯახურ ფოტოებს შორის, აღარ არის დედოფლის შვილიშვილის, უფლისწულ ჰარის და მისი ამერიკელი მეუღლის, მსახიობ მეგან მარკლის ფოტოები. გავრცელებული ცნობებით, ის უკმაყოფილოა წყვილის ბოლოდროინდელი განცხადებებით საჯარო ცხოვრების შეზღუდვის შესახებ და პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით, მათი ოფიციალური საჩივრებით ბრიტანული გამოცემების მიმართ. ჰარი და მეგანი არც ყოველწლიურ საშობაო შეკრებას დაესწრებიან, რომელსაც სამეფო ოჯახი გამართავს.