ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონსონის გამარჯვება და ბრიტანეთის ახალი პოლიტიკური რეალობა


ბრიტანელებისთვის ეს კვირა ახალი პოლიტიკური რეალობით დასრულდა. გამართული არჩევნების შედეგები წლების განმავლობაში იმოქმედებს ბრიტანეთის მომავალზე, პოლიტიკასა თუ ეკონომიკაზე.

ოთხი წლის განმავლობაში ბრიტანეთის მესამე არჩევნები პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გამარჯვებით დასრულდა. კონსერვატორებს ასეთი უმრავლესობა მეოთხედი საუკუნის განმავლობაში არ ჰქონიათ.

ანალიტიკოსების აზრით, ეს გარდამტეხი მოვლენა იქნება ბრიტანეთში 2016 წლის ბრექსიტის რეფერენდუმის შემდგომი არასტაბილურობის პირობებში.

ბოლოს, ამგვარი უმრავლესობა 1987 წელს, მარგარეტ ტეთჩერის მთავრობას ჰქონდა. ჯონსონი ამჟამად 80-მანდატიანი უმრავლესობით შეძლებს კონსერვატორთა დაპირების შესრულებას და "ბრექსიტის ბოლომდე მიყვანას". ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღი ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა.

ამჟამად დათქმული თარიღი 31 იანვარია, რომელიც ბევრის აზრით, უკვე აღარ შეიცვლება. ამის შემდეგ კი შესაძლოა მოლაპარაკებების მეორე და უფრო რთული რაუნდი იყოს წინ. ბრიუსელსა და ლონდონს შორის შეთანხმება იმის თოაბაზე უნდა მოხდეს, თუ როგორი იქნება ქვეყნის პოლიტიკური მომავალი და როგორი იქნება ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები.

ჯონსონმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ბრიტანელი ხალხის ნება, დატოვოს ევროკავშირი, ურყევი და უცვლელია, ამასთან მისი თქმით, ხალხს სურს შეწყდეს "საცოდავი მუქარები" კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ამის შესახებ ჯონსონის უმთავრესი მეტოქე, შრომის პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი საუბრობდა.

ანალიტიკოსების აზრით, ოპოზიციის უდიდესი მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ჯონსონმა წინასაარჩევნო კამპანია სწორედ ბრექსიტის მიმართ სწორხაზოვან და ცალსახა პოზიციას დააფუძნა. ჯონსონის სტრატეგია იმასაც გულისხმობდა, რომ ბრიტანელების ის ნაწილიც კი, რომელიც ევროკავშირში დარჩენის მომხრეა, დაიღალა ბრექსიტთან დაკავშირებული არეულობითა და გაუგებრობით და სურს ეს საკითხი დასრულდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG