ლონდონი უარყოფს ტრამპის გუნდის ბრალდებებს არჩევნებში ჩარევის თაობაზე

ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა 23 ოქტომბერს უარყო ამერიკის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის გუნდის მიერ წაყენებული ბრალდებები. შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებს ამერიკის არჩევნებში „უხეშ საგარეო ჩარევაში" სდებს ბრალს და ამ საკითხს საარჩევნო კომისიაში ასაჩივრებს.

სტარმერის თქმით, მისი თანაპარტიელების მხრიდან ამერიკულ საარჩევნო კამპანიაში მოხალისედ ყოფნა დასაშვებია. ის ასევე აცხადებს, რომ ინარჩუნებს "კარგ ურთიერთობას" დონალდ ტრამპთან, რომელსაც გასულ თვეში შეხვდა.

ასევე ნახეთ: ბრიტანეთის პრემიერი ჯო ბაიდენს ხვდება - უკრაინა და შორი რადიუსის იერიშები განხილვის მთავარი თემაა

ყოფილი პრეზიდენტის იურისტთა ჯგუფმა საჩივარი შეერთებული შტატების ფედერალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანა. ისინი ამტკიცებენ, რომ ტრამპის ოპონენტის, დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიამ მიიღო „უკანონო შენატანი", რომელიც მას "ბრიტანეთის ლეიბორისტულმა პარტიამ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა შესთავაზეს".

საჩივარი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ბრიტანელ ლეიბორისტთა ოფიციალური პირები, რომელთა შორის სტარმერის შტაბის უფროსი მორგან მაკსვინიც არის, შეერთებულ შტატებში ჩავიდნენ და ჰარისის საარჩევნო კამპანიას რეკომენდაციები მისცეს. საჩივარში ასევე მოყვანილია ლეიბორისტული პარტიის ოპერაციების დირექტორის, სოფია პატელის უკვე წაშლილი განცხადება "ლინკდინზე", სადაც ის მოხალისეებს ჩრდილოეთ კაროლინის შტატში გამგზავრებისკენ მოუწოდებს და მათ იქ დაბინავებაში ხელშეწყობას ჰპირდება.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შერთებული შტატების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება აქვთ. მაგრამ ეს უნდა მოხდეს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, მოხალისეობრივ საფუძველზე.

სტარმერმა წყნარი ოკეანის კუნძულ სამოაზე ყოფნის დროს, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მის პარტიას ცუდი არაფერი ჩაუდენია და რომ მოხალისეებმა საკუთარი ხარჯები თავად გადაიხადეს. „ლეიბორისტულ პარტიას ჰყავს მოხალისეები, რომლებმაც მონაწილეობა თითქმის ყველა არჩევნებში მიიღეს“, - თქვა მან და დასძინა, რომ ”ისინი ამას აკეთებენ თავისუფალ დროს, როგორც მოხალისეები".

მან ასევე უარყო ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ურთიერთობებს ბრიტანეთის ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირესთან, თუკი ამერიკის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის ნომინანტი გაიმარჯვებს. სტარმერის თქმით, მას „კარგი ურთიერთობა“ ჩამოუყალიბდა ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, როცა მას გასულ თვეში, ნიუ-იორკში გამართულ ორსაათიან ვახშამზე შეხვდა.