ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კონსერვატორი კანონმდებლების ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მისგან კატეგორიულად ითხოვენ, კოვიდ-19-ის გამო დაწესებული საკარანტინო ზომების შემსუბუქების უკვე მიღებულ გეგმას მიჰყვეს. თანდათანობითი გახსნა ინგლისში 21 ივნისს დაიწყო.
თუმცა, ინფიცირების მზარდი მონაცემების გამო, ჯანდაცვის სპეციალისტები ჯონსონს საბოლოო გახსნისგან დროებით თავშეკავებას ურჩევენ. ბრიტანეთში უკვე დომინირებს პირველად ინდოეთში ნაპოვნი კორონავირუსის ვარიანტი, რომელსაც დელტას უწოდებენ.
ასევე ნახეთ: "დელტა" ვარიანტის შტამი ვაშინგტონში შეშფოთების საგნად რჩებალონდონი მაქსიმალურად ცდილობდა ახალი ვარიანტების გავრცელებისთვის დაესწრო და რაც შეიძლება მეტი ადამიანი აეცრა. ვაქცინაცია ჯერჯერობით ამ ვარიანტებისგან საუკეთესო დაცვას წარმოადგენს. ბრიტანეთმა მოსახლეობის დიდი ნაწილი წარმატებით აცრა.
დელტა 40%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე თავიდან ბრიტანეთში ნაპოვნი კორონავირუსის ალფა ვარიანტი, ამბობენ მთავრობის მრჩეველთა საბჭოს წევრები. ეპიდემიოლოგების ნაწილი აცხადებს, რომ ბრიტანეთის ჯანდაცვა ჰოსპიტალიზაციის ისეთ პიკს, როგორიც იანვარში იყო, ვეღარ გაუძლებს.
ბრიტანეთში ბოლო კვირაში ინფიცირების 68%-იანი მატებაა. კორონავირუსის დელტა ვერსიის დაახლოებით 12 000 შემთხვევიდან 126 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. აქედან მხოლოდ 3 იყო კოვიდ-19-ზე სრულად აცრილი.
მთავრობასთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან, რომ მომდევნო კვირის დასაწყისში, დიდი ალბათობით, პრემიერი ჯონსონი ქვეყნის სრულ გახსნას გადაავადებს. მათი ვარაუდით, გადავადება საბოლოო გახსნამდე, ანუ მეოთხე ფაზაზე გადასვლამდე, ორი კვირიდან ერთ თვემდე ინტერვალით მოხდება.
ასევე ნახეთ: კორონავირუსი ლაბორატორიიდან გაპარული შეიძლება იყოს - მედიაში ანგარიშმა გაჟონა