ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დელტა" ვარიანტის შტამი ვაშინგტონში შეშფოთების საგნად რჩება


ბერძნული ანბანის ასოებით აღნიშნული კოვიდ-19-ის ვარიანტები
ბერძნული ანბანის ასოებით აღნიშნული კოვიდ-19-ის ვარიანტები

ვაქცინაციის ფონზე, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების და კოვიდ-19-ის გამო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები კვლავ იკლებს. თუმცა, თეთრი სახლის კოვიდ-19-ზე რეაგირების გუნდი ამბობს, რომ ვირუსში "დელტა" ვარიანტის შტამი კვლავ სახიფათოა, განსაკუთრებით - ახალგაზრდებისთვის.

სამშაბათს გამართულ რეგულარულ პრესბრიფინგზე, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბოლო კვირაში ინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 13 277 შემთხვევაზე ჩამოვიდა, ანუ 30%-ით იკლო. როშელ ვალენსკის თქმით, წლის დასაწყისთან შედარებით ეს შემთხვევების 90%-იან შემცირებას უდრის და ამერიკისთვის გასული წლის მარტიდან მოყოლებული, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

კოვიდ-19-ის გართულებებით ჰოსპიტალიზაციამაც წლის დასაწყისიდან დაახლოებით 83%-ით დაიკლო. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ეს ყოველივე იმ ხალხის დამსახურებაა, ვინც ვაქცინის გამოჩენისთანავე მზად იყო აცრილიყო. ვალენსკის ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას ცენტრის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული ახალი კვლევა აძლევს, რომელიც ვაქცინების ეფექტურობას ადასტურებს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ენტონი ფაუჩი, თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი პანდემიის საკითხებში, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, აღნიშნავს, რომ ვირუსის ახალი ვარიანტები კვლავ შეშფოთების საგნად რჩება. ექიმ ფაუჩის განცხადებით, განსაკუთრებით სახიფათოა ე.წ. დელტა ვარიანტი, რომელიც პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს.

დელტა ვარიანტი ბრიტანეთში უკვე დომინანტურ შტამად იქცა. ამასთან, ის ყველაზე მეტად ახალგაზრდა ადამიანებს ემართება. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეს ვარიანტი ინფიცირებულთა დაახლოებით 6%-ში ფიქსირდება. ამიტომ, ბრიტანეთში მომხდარის თავიდან ასაცილებლად, ამერიკელი ახალგაზრდები რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიცრან. კვლევები ადასტურებს, რომ ორივე წამყვანი ვაქცინა, რომლითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იცრებიან, ორი დოზის მიღების შემდეგ, ყველაზე ეფექტურია ვირუსის წინააღმდეგ.

დაახლოებით ერთი თვის წინ ამერიკის პრეზიდენტმა ვაქცინაციის ახალი მიზანი დაისახა: მოსახლეობის 70%-ის აცრა 4 ივლისამდე, როცა ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. მისი შესრულება ჯერ ვერ ხერხდება, რადგან ვაქცინაციის ტემპებმა ქვეყანაში შესამჩნევად იკლო. "ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, ახლა ამერიკაში დღეში მილიონზე ნაკლები იცრება, მაშინ როცა აპრილში ეს მონაცემი 3.4 მილიონს უდრიდა.

თეთრი სახლის კოვიდ-19-ზე რეაგირების გუნდის კოორდინაროტი ენდი სლავიტი ამბობს, რომ ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვაქცინაციის ტემპები გაიზარდოს. განსაკუთრებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს უმცირესობების ჯგუფებში, სადაც კოორდინაცია ხდება საზოგადოებრივ და რელიგიურ ლიდერებთან. ენდი სლავიტისთვის ეს თეთრი სახლის ბრიფინგის მასპინძლობის ბოლო დღე იყო. მან პოსტი დღეს დატოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG