ბორის ჯონსონს კოვიდ-19 დაუდასტურდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ის ახლა თვითიზოლაციაშია, მაგრამ აგრძელებს გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსთან ბრძოლის ხელმძღვანელობას.

"ბოლო 24 საათში ოდნავ სიმპტომები განმივითარდა და შემდეგ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მოვიდა" - აცხადებს ჯონსონი. პრემიერი ამბობს: "ახლა თვითიზოლაციაში ვიმყოფები, მაგრამ გავაგრძელებ ვირუსთან ბრძოლის საქმეში მთავრობის მართვას ვიდეო-კონფერენციის მეშვეობით".

ბრიტანეთის პრემიერის პრესსპიკერის თქმით, სახელმწიფოს 55 წლის მეთაურს სიმპტომები ხუთშაბათს დაეწყო, პარლამენტში გამართული საინფორმაციო სესიის შემდეგ. მას ანალიზის აღება ურჩიეს და მოგვიანებით, ტესტზე დადებითი პასუხი მოვიდა. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, თუ კაბინეტის რამდენ წევრთან ჰქონდა მას ბოლო ერთი კვირის მანძილზე შეხება.