ნიუ-იორკის შტატში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 5 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 3 000 შემთხვევა, ბოლო 24 საათში, მხოლოდ ქალაქ ნიუ-იორკში დაფიქსირდა.
ამ დროის მონაცემებით, მთლიანად შტატში 31 000-მდე ადამიანია ინფიცირებული, ამათგან 18 000-მდე შემთხვევა ქალაქ ნიუ იორკში ფიქსირდება.
საავადმყოფოებში მკურნალობას 3 805 ადამიანი აგრძელებს. მათგან 888 პაციენტი რეანიმაციურ განყოფილებაში იმყოფება.
ამ მონაცემების შესახებ, გუბერნატორმა კუომომ სატელევიზიო განცხადების დროს, რამდენიმე წუთის წინ ისაუბრა.
გუბერნატორის თქმით, ჰოსპიტალიზება მხოლოდ ინფიცირებულთა 15%-ის შემთხვევაშია აუცილებელი. თუმცა, პაციენტების რაოდენობა, რომელთა საავადმყოფოში გადაყვანა აუცილებელია, ყოველ ორ დღეში ორმაგდება.
ენდრიუ კუომო კვლავ საუბრობს საავადმყოფოების დეფიციტზე. მისი თქმით, საავადმყოფოების შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს, მინიმუმ 50% ით.
„თავად ვესაუბრე საავადმყოფოების წარმომადგენლებს და ვუთხარი, რომ უნდა შეძლონ და გაზარდონ რაოდენობა პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც მიიღებენ. მათ უნდა შეძლონ 50%-ით მეტი პაციენტის მიღება და ისინი ამაზე აქტიურად მუშაობენ. ამის შედეგად საავადმყოფოებში დამატებით 27 000 ადგილს მივიღებთ," - აცხადებს კუომო.
მისივე თქმით, საჭიროა დამატებითი მედპერსონალი. ამ დროისთვის 40 000-მდე მოხალისემ გამოთქვა მუშაობის სურვილი.
როგორც ჩანს, კვლავ პრობლემად რჩება სასუნთქი აპარატები. „30 000 სასუნთქი აპარატი გვჭირდება. 4 000 ფედერალურმა მთავრობამ მოგვაწოდა, 7 000 შევიძინეთ და კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამ დროისთვის შტატს 4 000 სუნთქვის აპარატი აქვს,“ -აცხადებს კუომო
ფედერალური მთავრობის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი 2 ტრილიონი დოლარიდან, ნიუ-იორკის შტატზე, 3.8 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული. ამ თანხიდან, 1.3 მილიარდ დოლარს ქალაქ ნიუ-იორკი მიიღებს. თუმცა, კუომოსავე თქმით, ეს საკმარისი არ არის.
„ეს სამწუხაროა. კონგრესის საკანონმდებლო პროექტში, ნიუ-იორკისთვის 17 მილიარდი დოლარი იყო გათვალისწინებული, სენატმა კი მხოლოდ 3.8 მილიარდი დაამტკიცა. ამის შესახებ საუბარი მექნება კანონმდებლებთან,“ - აცხადებს კუომო.
საუბრის ბოლოს, გუბერნატორმა განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქალაქ ნიუ-იორკში შესაძლოა საავტომობილო მოძრაობა შეწყდეს, რათა ადამიანებმა მარტივად შეძლონ ქუჩაში სიარულისას სოციალური დისტანციის დაცვა.
Facebook Forum