ტიტულოვანი გერმანელი ჩოგბურთელი ბორის ბეკერი ბრიტანული ციხიდან გაათავისუფლეს 8 თვის განმავლობაში საპატიმროში ყოფნის შემდეგ. მას 2.5 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა ცოტა ხნის წინ ბეკერს დაჩქარებული წესით დაუმტკიცდა გათავისუფლება, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, რომლის მდგომარეობა სხვადასხვა მოთხოვნებს აკმაყოფილებს. უახლოეს პერიოდში კი მისი დეპორტაციის პროცესი უნდა დაიწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
ბეკერის დაკავების გადაწყვეტილება სასამართლომ აპრილში მიიღო, მას თანხების მითვისების გამო მიესაჯა პატიმრობა. ბრალდების მხარე ამბობდა, რომ ბეკერმა, მას შემდეგ რაც თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, ასობით ათასი ბრიტანული ფუნტი დამალა.
ასევე ნახეთ: ევროპარლამენტმა "სახაროვის პრემიით" უკრაინელი ხალხი დააჯილდოვაბეკერი ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ მას გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი ჰქონდა.
ბორის ბეკერი, 2002 წელს გერმანიაშიც იყო ნასამართლევი გადასახადებისგან თავის არიდებაში, რისთვისაც პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.
ყოფილმა ჩოგბურთელმა თავისი პირველი უიმბლდონის ფინალი 1985 წელს ითამაშა და 17 წლისამ გამარჯვება იზეიმა. მან "დიდი სლემის" მოპოვება 6-ჯერ შეძლო.