გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი აცხადებს, რომ უკრაინაში კრიტიკულად მნიშვნელოვან, ენერგო-ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების შედეგად, 7 მილიონამდე ბავშვი ელექტროენერგიით, წყლით და გათბობით სათანადოდ უზრუნველყოფილი არაა რაც მათ ტემპერატურის შემცირების პარალელურად კიდევ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ აგდებს.
"ელექტროენერგიის გარეშე ბავშვები არა მხოლოდ უკიდურესი სიცივის პირისპირ არიან, არამედ, ასევე ვერ ახერხებენ ონლაინ სწავლას. ეს ბევრი ბავშვისთვის განათლებაზე წვდომის ერთადერთი საშუალებაა მაშინ, როცა ბევრი სკოლა დაზიანებული ან განადგურებულია. ამასთან, ჯანდაცვის დაწესებულებები ვერ ახერხებენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მომსახურების გაწევას, წყალმომარაგების სისტემების არასათანადო ფუნქციონირებას. ეს კი ასევე ზრდის პნევმონიის, სეზონური გრიპების, წყლით გადამდები დაავადებებისა და კოვიდ-19-ის რისკებს", - ამის შესახებ "იუნისეფის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი კეტრინ რასელი ამბობს, რომ ბავშვები, ყინვასთან დაკავშირებული პირდაპირი საფრთხის გარდა, სწავლის, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის შესაძლებლობას მოკლებულნი არიან. ეს კი მათ როგორც ფიზიკურ, ისე - ფსიქიკურ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
ბავშვებისთვის მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს ოჯახების მიერ შემოსავლის წყაროების დაკარგვა და რთული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ომმა გამოიწვია. უკრაინაშივე ამ დროისთვის დაახლოებით 1.2 მილიონი ბავშვი იძულებული იყო საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა. მილიონნახევარი ბავშვი უკრაინაში, ორგანიზაციის შეფასებით, დეპრესიის, შფოთვის, პოსტ-ტრავმატული აშლილობისა და სხვა მენტალური პრობლემების საფრთხის წინაშეა.