ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ორივე მხარემ უნდა მოძებნოს, მეტიც-მას მიაჩნია, რომ მოლაპარაკების პროცესში "განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას აკისრია.
ასევე ნახეთ: ღარიბაშვილი ბორელს ბრიუსელში შეხვდა
“გასული წლის ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირი გამუდმებით იმეორებდა, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთ პლატფორმაზე უნდა მოექცეს და არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში უნდა მოახერხოს ურთიერთობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის და სამომავლოდ ძალიან ფართომასშტაბიანი რეფორმების დღის წესრიგი აქვს განსახორციელებელი. ეს არის საარჩევნო სისტემისა და სასამართლო სისტემის რეფორმა და მთავრობისთვის ეს გულისხმობს მაღალი კლასის ლიდერობის დემონსტრირებას. პრემიერ-მინისტრს მე ვუთხარი, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ სამომავლოდ შეთანხმებას მიაღწიოს პოლიტიკურ სპექტრში და სამომავლოდ პოლიტიკური საქმიანობა არ არის ჯანსაღი ფუნქციონირებად დემოკრატიაში, თუ არ იარსებებს დიალოგი.
ჩვენ პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოვახდენთ ქვეყანაში პლურალიზმის დამკვიდრებას. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოთამაშეს საქართველოში უფრო ფართოდ უნდა ესმოდეს, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან და ყველას ვთხოვთ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს და კომპრომისზე წავიდეს.
ასევე ნახეთ: ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ მზად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული
ეს მომენტი და ეს დრო არის გადამწყვეტი. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰყავდეთ წარმომადგენელი ხელისუფლებაში, რომლებიც წარმოადგენენ მის ინტერესებს ევროკავშირში და ჩვენც საუკეთესო ინტერესებით ვმოქმედებთ“, - აცხადებს ჟოზეფ ბორელი, რომელმაც მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა გამართა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი იყო.