განმარტებები ანექსირებულ ყირიმში რუსულ ბაზაზე მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში სამშაბათს მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით რუსეთი განმარტებას აკეთებს. მოსკოვი ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა "დივერსიას". კიევი მომხდარზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე პირდაპირ არ იღებს, თუმცა ირიბად მიანიშნებს, რომ მათი სტრატეგია მომარაგების არხების განადგურებაა, რომლებიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.

რუსეთის ოფიციალური პირებისა და საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სამშაბათს, აფეთქებებმა ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე საბრძოლო მასალის საცავი დააზიანა. შედეგად, შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და იქვე მდებარე სოფლიდან, აუცილებელი გახდა 2 000 ადამიანის ევაკუაცია.

ასევე ნახეთ: ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას დრამატულად ზღუდავს

რუსული გაზეთი "კომერსანტი" იტყობინება, რომ მოგვიანებით კვამლი დაფიქსირდა რუსეთის მეორე სამხედრო ბაზაზეც ცენტრალურ ყირიმში. ასევე კვამლი მოჰყვა გასულ კვირას აფეთქებებს დასავლეთ ყირიმში მდებარე რუსეთის სამხედრო საჰაერო ბაზაზე, რომელმაც რვა სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საბრძოლო მასალის საცავში აფეთქებები "დივერსიის შედეგია". ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც რუსეთმა 2014 წელს დაიკავა, რუსეთისთვის სამხრეთ უკრაინაში მისი ძალების გადატყორცნისთვის მთავარი მარშრუტი და შავი ზღვის ფლოტის ბაზაა.

უკრაინამ არც დაადასტურა და არც უარყო აფეთქებებში მონაწილეობა, თუმცა ოფიციალურ პირებს არ დაუმალავთ სიხარული რუსეთის დანაკარგების გამო.

პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი და შტაბის უფროსი ანდრეი იერმაკი სოციალურ მედიაში საუბრობდნენ „დემილიტარიზაციაზე“ რაც აშკარად ირონიული მითითება იყო სიტყვაზე, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინაში ომის გასამართლებლად.

ასევე ნახეთ: ბლოკადის შემდგომ, პირველმა სასურსათო გემმა უკრაინა დატოვა და აფრიკისკენ მიემართება

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინელებს, თავი აარიდონ რუსეთის სამხედრო ბაზებსა და საბრძოლო მასალის მაღაზიებს და თქვა, რომ აფეთქებებს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიზეზი, მათ შორის არაკომპეტენტურობა.

თუმცა, პრეზიდენტის თქმით, როგორიც არ უნდა იყოს ეს მიზეზები, „ისინი ყველა ერთსა და იმავეს ნიშნავს - ოკუპანტების ლოჯისტიკის, მათი საბრძოლო მასალის, სამხედრო და სხვა აღჭურვილობისა და სამეთაურო პუნქტების განადგურება გადაარჩენს ჩვენი ხალხის სიცოცხლეს“, - თქვა ზელენსკიმ თავის უკვე ტრადიციულ საღამოს მიმართვაში.