ოსამა ბინ ლადენის ისტორია

ოსამა ბინ ლადენის ისტორია

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტერორისტი ოსამა ბინ ლადენი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ საგანგებოდ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კვირას შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ბინ ლადენი პაკისტანში მოკლეს, იუწყება "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი პურნელ მერდოქი.

ოსამა ბინ ლადენს სამ კონტინენტზე მომხდარ ტერორისტულ აქტებში ადანაშაულებდნენ. თანამედროვე ისტორიაში მასზე შეერთებული შტატების მიერ ყველაზე ფართომასშტაბიანი ძებნა იყო გამოცხადებული.

ნიუ იორკსა და ვაშინგტონზე 2001 წლის 11 სექტემბრს მომხდარი კატასტროფული ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, პრეზიდენტმა ბუშმა საჯაროდ დადო პირობა, რომ ამერიკა თავდასხმების მთავარ ორგანიზატორს ოსამა ბინ ლადენს მოძებნის.

„ამ პიროვნებას ცივილიზაციის ყველანაირი მსგავსების განადგურება სურს რათა მან ამით ძალაუფლება მოიპოვოს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. იგი იმდენად ბოროტია, რომ ახალგაზრდა მამაკაცებს თვითმკვლელობაზე აგზავნის, ხოლო თვითონ კი გამოქვაბულში იმალება. მას უდანაშაულო ხალხის არნახული ხოცვა-ჟლეტა ედება ბრალად. ამ კაცს არც სული გააჩნია და არც სინდისი,“ - განაცხადა მაშინ პრეზიდენტმა ბუშმა.

მაგრამ ბინ ლადენის როგორც მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტერორისტის რეპუტაცია მისი მშვიდობიანი და კომფორტული აღზრდისგან რადიკალურად განსხვავდება.

ოსამა ბინ ლადენი 1957 წლის 10 მარტს საუდის არაბეთის სამშენებლო მაგნატის ოჯახში დაიბადა, რომელსაც მისი ჩათვლით 50 შვილი ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ ოსამა ბინ ლადენმა მამა დაკარგა როცა იგი მოზარდი გახდა.

ოსამა საუდის არაბეთის პრივილიგირებული კლასის ფუფუნებაში გაიზარდა. იგი საუდის არაბეთის სამეფრო ოჯახის წევრებთან მეგობრობდა. ბინ ლადენმა საინჟინრო ხარისხი მოიპოვა და ოჯახურ ბიზნესში ჩართვას აპირებდა.

მაგრამ 1979 წელს მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა, როცა საბჭოთა კავშირმა ავღანეთში სამხედრო ძალები შეიყვანა.

ბევრი მუსულმანის მსგავსად, ბინ ლადენმა სახლი მიატოვა და საბჭოთა ძალების წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლას შეუერთდა. თავდაპირველად ავღანეთის ომში მისი მონაწილეობა მხოლოდ ლოგისტიკური მხარდაჭერით შემოიფარგლებოდა. მას ავღანეთში ისლამური მებრძოლების ანუ მუჯაჰედინების გაგზავნა ევალებოდა. ნიშანდობლივია, რომ მაშინ შეერთებული შტატები ამ ძალისხმევას აქტიურად მხარს უჭერდა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ბინ ლადენმა გადაწყვიტა ოჯახური სახსრები საკუთარი სამხედრო შენაერთის შესაქმნელად გამოეყენებინა, რომელსაც შემდგომში „ალ ყაიდა“ დაარქვეს, რაც არაბულად „საფუძველს“ ნიშნავს.

ავღანეთიდან საბჭოთა ძალების გაყვანის შემდეგ, ბინ ლადენი სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა ამ პერიოდის მანძილზე იგი ავღანეთის ომის ვეტერანებთან კავშირებს ინარჩუნებდა და მუსლიმთათვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ ინტერესს არ კარგავდა.

ბინ ლადენის ცხოვრებაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს 1990 წელს ერაყის მიერ ნავთობით მდიდარი სპარსეთის ყურის საემირო კუვეიტის სამხედრო დაპყრობა წარმოადგენდა, რის შედეგადაც საუდის არაბეთის სამეფო ოჯახმა ამერიკას სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. შედეგად შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთის ტერიტორიაზე სამხედრო ძალები განალაგა.

ბინ ლადენმა მუსულმანებისთვის წმინდა მიწაზე არამუსულმანი სამხედროების ჩამოსვლა ისლამის შელახვად აღიქვა. იგი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროების დისლოცირების წინააღმდეგ გამოვიდა, რის შედეგადაც 1991 წელს ბინ ლადენი სამეფოდან გააძევეს.

მან თავშესაფარი სუდანში ნახა. სუდანიდან ბინ ლადენმა დაგეგმა ტერორისტული თავდასხმები ამერიკელ სამხედროებზე სომალისა და საუდის არაბეთში. შეერთებული შტატების მხრიდან მზარდი ზეწოლის შედეგად, 1996 წელს სუდანის მთავრობამ ბინ ლადენი ქვეყნიდან განდევნა და იგი ავღანეთში დაბრუნდა.

ბრიუსელში მდებარე საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ანალიტიკოსი ვიკრამ პარეხი აღნიშნავს, რომ ავღანეთის ახალმა მმართველმა რადიკალურად ისლამისტურმა თალიბების მოძრაობამ ბინ ლადენი სწრაფად დაიმეგობრა. ბინ ლადენი თალიბ მოკავშირეებს სახსრებით ამარაგებდა.

„თალიბებმა დამოუკიდებელი ფინანსური წყარო აღმოაჩინეს, რამაც შეამცირა მათი დამოკიდებულება პაკისტანზე, რომელსაც ისინი როგორც საკუთარი ადმინისტრაციის ისე სამხედრო კამპანიის წარმართვისთვის იყენებდნენ,“ -აღნიშნა ვიკრამ პარეხმა.

ავღანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის პარალელურად ბინ ლადენი შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართულ გლობალურ ბრძოლაში აქტიურად იყო ჩართული. მას 1998 წელს კენიასა და ტანზანიანში მდებარე შეერთებული შტატების საელჩოებზე ტერორისტული თავდასხმების ორგანიზება ედება ბრალად.

პარეხი ხაზს უსვამს იმას, რომ დასავლეთის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებთან ასოციაციამ ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების პოლიტიკით უკმაყოფილო არაბებს შორის ოსამა ბინ ლადენის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

„იგი შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ერთგვარი განსახიერება გახდა მიუხედავად იმისა უჭერს თუ არა მხარს ხალხი ოსამას როგორც პიროვნებას ან იმ იდეოლოგიას, რომელსაც იგი წარმოადგენს,“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

2001 წელს ნიუ იორკსა და ვაშინგტონზე ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, რამაც 3,000-ზე მეტი სიცოცხლე შეიწირა, ბინ ლადენის ფიზიკური განადგურება შეერთებული შტატების უმთავრესი პრიორიტეტი გახდა.

როცა თალიბების ლიდერებმა შეერთებულ შტატებს ალ ყაიდას ლიდერი არ გადასცეს, ვაშინგტონმა მათ ომი გამოუცხადა. შედეგად 2001 წლის დეკემბერში კოალიციურმა ძალებმა თალიბები დაამარცხეს და ოსამა ბინ ლადენი მიიმალა.

მიმალვაში ყოფნისას ბინ ლადენმა აუდიო გზავნილების რამდენიმე სერია გაავრცელა. თავის მიმართვებში ბინ ლადენი შეერთებული შტატების პოლიტიკას გამუდმებით აკრიტიკებდა, რაც ვაშინგტონის გაღიზიანებას იწვევდა. როგორც ჩანს, ამ პრობლემას ახლა ბოლო მოეღო.