ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ განვითარდება ავღანეთში ვითარება ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ?


შეერთებული შტატების სენატმა ალ-ყაიდას ლიდერის ოსამა ბინ ლადენის წარმატებულ ლიკვიდაციაში შეიარაღებული ძალების დამსახურებას გაუსვა ხაზი.

ბინ ლადენის სიკვდილი პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის გეგმებს დაემთხვა, რომელიც ავღანეთში ამერიკის ჯარების შემცირებას აპირებს. ობამას გეგმებში შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომის დასრულება შედის.

ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია ან მისი დატყვევება ავღანეთში ამერიკის ჯარების შეჭრის შემდეგ თეთრი სახლის მთავარი მიზანი იყო. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ პრეზიდენტი ბუში დაპირდა ამერიკელებს, რომ ბინ ლადენი დაუსჯელი არ დარჩებოდა.

თითქმის ათი წლის შემდეგ პრეზიდენტ ბუშის სურვილი რეალობად იქცა. მაგრამ ომი ავღანეთში დიდხანს გაიწელა, მიუხედავად იმისა, რომ თალიბთა ხელისუფლება დაემხო და ალ-ყაიდამ ავღანეთიდან ძირითადად იემენში გადაინაცვლა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჯონ კერის განცხადებით ბინ ლადენის მკვლელობა ავღანეთში შეერთებული შტატების სტრატეგიას ეჭვქვეშ აყენებს:“ ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ ზოგიერთები ამბობენ, რომ მოვიდა ავღანეთიდან აბარგების დრო. ასე რომ ახლა გასარკვევია რა არის ჩვენი უსფართხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი.“

ამავე კომიტეტის დიდი ხნის წევრი რესპუბლიკელი რიჩარდ ლუგარი თავის მხრივ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ავღანეთის ომი შეერთებულ შტატებს ყოველწლიურად 100 000 მილიარდი დოლარი უჯდება. ბატონი ლუგარის განცხადებით ავღანეთში ამერიკის უზარმაზარი არმიის ყოფნა ხელს უშლის კონტრ-ტერორისტულ ოპერაციებს იემენში მიუხედავად იმისა რომ ოფიციალური ვაშინგტონი იემენს ტერორიზმის თვალსაზრისით ავღანეთზე უფრო სახიფათო ქვეყნად მიიჩნევს.

რესპუბლიკელი სენატორი ეჭვობს, რომ ავღანეთი ოდესმე შეიძლება გადაიქცეს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც ტერორისტებს არანაირი გავლენა აღარ ექნებათ. ამის გამო ის პრეზიდენტ ობამას მოუწოდებს კარგად ჩამოაყალიბოს ამერიკის მომავალი მიზნები და სტრატეგია:“ პრეზიდენტმა ობამამ ავღანეთში წარმატების დონე შერთებული შტატების სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შეაფასოს. ახლა თუ ავღანეთიდან ჯარებს გამოიყვანენ მაშინ ამერიკის მისია ამ ქვეყანაში ვერ ჩაითვლება დასრულებულად, მაგრამ ისიც უნდა განისაზღვროს თუ როგორი დასასრული იქნება ვაშინგტონისთვის მისაღები.“

თავის მხრივ საგარეო ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტი რიჩარდ ჰაასი აცხადებს, რომ ობამას ადმინისტრაციის მცდელობას თალიბებთან ბრძოლის პარალელურად ავღანეთის უშიშროების ძალების გაძლიერებას შეუწყოს ხელი დიდი მომავალი არა აქვს: “ მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ამ პოლიტიკას ავღანეთის სპეციფიკიდან გამომდინარე, სადაც ცენტრალური ხელისუფლება ძალზე სუსტია და პაკისტანი ამა თუ იმ ფორმით მაინც გააგრძელებს თალიბების მხრადაჭერას.“

როგორც რიჩარდ ჰაასი მიიჩნევს ავღანეთში წარმატების შემთხვევაშიც კი როგორც იტყვიან ჩიტი ბრდღვნად არ ღირს. აქ ამერიკის სამხედრო და ფინანსური რესურსების იმხელა ნაწილი იხარჯება, რომ ეს შესაძლებლობები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შესაძლოა უკეთ გამოიყენონ.

მისი თქმით:“ ავღანეთის ომი აუცილებლობიდან ამერიკის არჩევანად გადაიქცა. ავღანეთი აღარ წარმოადგენს გლობალურ ტერორისტულ საფრთხეს, ყოველშემთხვევაში იმაზე მეტს ნამდვილად არა ვიდრე მეზობელი პაკისტანია. შეიძლება ითქვას რომ ავღანეთი სტრატეგიულად არცთუ ისე მნიშვნელოვანი ქვეყანაა.“

რიჩარდ ჰაასი ავღანეთში დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას უპერსექტივოდ მიიჩნევს და მხოლოდ შეზღუდული ანტი-ტერორისტული ოპერაციების ჩატარებას უჭერს მხრას. თუმცა ამ თვალსაზრისს არ ეთანხმება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ან-მარი სლაუტერი, რომელიც ავღანეთში ამერიკის პასიურობას დამღუპველ გარემოებად მიიჩნევს. მისი თქმით ამერიკამ სწრფად დაამხო თალიბთა ბატონობა ავღანეთში, მაგრამ შემდეგ ყურადღება მოადუნა, რამაც თალიბებს გაძლიერების საშუალება მისცა. ახლა კი ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ თალიბანის ზომიერ ფრთასთან შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იქნება ქაბულში სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბება.

ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ეიფორია ობამას ადმინისტრაციაში, როგორც ჩანს მაინც ვერ შეცვლის თეთრი სახლის გეგმებს 2014 წლისთვის გამოიყვანოს ამერიკის ჯარები ავღანეთიდან.

XS
SM
MD
LG