კოსმოსში 2 ამერიკელი მილიარდერი 9 დღის ინტერვალით მიფრინავს

ჯეფ ბეზოსი, "ამაზონის" დამფუძნებელი და უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი

მომდევნო 2 კვირის მანძილზე კოსმოსში ორი ამერიკელი მილიარდერი მიფრინავს. ამერიკული კოსმონავტიკის კერძო მიმართულებაში აქამდე ელონ მასკი დომინირებდა, 2002 წელს დაფუძნებული კომპანიით "სპეისექსი". თუმცა, მასკი კოსმოსში თავად ნამყოფი არ არის, რიჩარდ ბრენსონი და ჯეფ ბეზოსი კი ახლა კოსმოსური ვოიაჟისთვის ემზადებიან.

ბრენსონმა 2019 წელს დააფუძნა კომპანია "ვირჯინ გალაქტიკი" და კოსმოსში რეგულარული ტურისტული გაფრენების ორგანიზებას გეგმავს. ის კოსმოსში კვირას გაფრინდება, ნიუ-მექსიკოდან. კოსმოსურ ხომალდზე მასთან ერთად ორი პილოტი და კომპანიის სამი თანამშრომელი იქნებიან.

ასევე ნახეთ: შეჯიბრი კოსმოსში მოგზაურობაზე - მილიარდერების ახალი გამოწვევა 

9 დღის შემდეგ კი, კოსმოსში მიფრინავს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი, "ამაზონის" დამფუძნებელი და უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი. ბეზოსმა ავია-კოსმოსური კომპანია "ბლუ ორიჯინი" 2000 წელს დააფუძნა. ის ქალაქ ვესტ-ტეხასიდან მიფრინავს, სრულად ავტომატიზებული კაფსულით, რომელზეც მასთან ერთად სამი სტუმარი იქნება: მისი ძმა, 82 წლის ვეტერანი ქალი ავიატორი და საქველმოქმედო აუქციონის მოგებული.

ბრენსონის გაფრენა უფრო ხანგრძლივი იქნება, მაგრამ ბეზოსი უფრო მაღლა აფრინდება. ბრენსონის ხომალდს მეტი ფანჯარა აქვს, ბეზოსის კაფსულაზე კი უფრო დიდი ზომის ფანჯრებია. პილოტებთან ერთად ბრენსონის ხომალდი კოსმოსში მანამდე სამჯერ გამოსცადეს, ბეზოსის კი ჯერ არასდროს. თუმცა, საცდელი გაფრენა "ბლუ ორიჯინმა" 5-ჯერ უფრო მეტჯერ განახორციელა, ვიდრე "ვირჯინ-გალაქტიკმა".

ორ მილიარდერს შორის ცოტა არ იყოს მეამიტურ კონკურენციაში გამარჯვებულად ალბათ მაინც ბრენსონი ჩაითვლება, როგორც პირველი მილიარდერი, რომელიც კოსმოსში საკუთარი წარმოების რაკეტით გაფრინდა. ის გაფრენას წელს მოგვიანებით გეგმავდა, მაგრამ გასული კვირის ბოლოს გამოაცხადა, რომ ეს ამ კვირა დღეს მოხდებოდა. სინამდვილეში, ორივე შეძლებს ბავშვობის ოცნების ახდენას, დედამიწაზე კოსმოსიდან გადმოხედვას და 3-4 წუთით ნამდვილი უწონადობის გამოცდას.

ასევე ნახეთ: მილიარდერი ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაფრენას გეგმავს 

ბრენსონი დაახლოებით ერთ კვირაში 71 წლის ხდება და ამბობს, რომ "ძალიან მნიშვნელოვანია" თავად გამოსცადოს ეს, ვიდრე კოსმოსში ტურისტებს გაუშვებს. ექსცენტრიულმა მილიარდერმა წარსულში ფრანით გადაუფრინა ლა-მანშის სრუტეს და მსოფლიოს გარშემო საჰაერო ბუშტით მოგზაურობაც სცადა.

57 წლის ჯეფ ბეზოსმა ორშაბათს განაცხადა, რომ "ამაზონის" უფროსი აღმასრულებელი ოფიცრის თანამდებობას ტოვებს. მანამდე კი, ივნისის დასაწყისში თქვა, რომ საკუთარი კოსმოსური ხომალდის "ნიუ შეპარდი" პირველი პილოტირებული გაფრენის მონაწილე თავად იქნება. ბეზოსმა გაფრენის დღედ ამერიკელთა მთვარეზე პირველად დაჯდომის 52 წლის იუბილე შეარჩია.

ამ ყოველივეს ელონ მასკის კომენტარის გარეშე არ ჩაუვლია. "დიდი განსხვავებაა კოსმოსისა და ორბიტის მიღწევას შორის" - დაწერა მან "ტვიტერზე" გასულ კვირას. მასკის კომპანია "სპეისექსი" კოსმოსურ ხომალდს ორბიტაზე ხშირად უშვებს და კოსმოსში მხოლოდ რამდენიმეწუთიანი ფრენებით არ შემოიფარგლება. ელონ მასკი კი თავად მარსზე გაფრენას უმიზნებს. "სპეისექსმა" ნასას მისიით 10 ასტრონავტი საერთაშორისო კოსმოსურ ხომალდზე გადასვა, სექტემბერში კი კერძო რეისით კოსმოსში კიდევ ერთ მილიარდერს გაუშვებს, რომელმაც მისგან სამდღიანი ტური შეიძინა.