ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი, სამშაბათიდან საავადმყოფოს სარეანიმაციო განყოფილებაში იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ მხოლოდ ხუთშაბათს საღამოს გავრცელდა. მისი ოფისის ცნობით, ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია სისხლში ინფექციის გამო გახდა საჭირო.
კლინტონის პრესსპიკერის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი თავს უკეთ გრძნობს და ის "გამოჯანმრთებელის პროცესშია". 75 წლის ბილ კლინტონი სამხრეთ კალიფორნიაში, ირვინის სამედიცინო ცენტრში იმყოფება.
"ის გამოჯანმრთელების გზაზეა, მხნედ გრძნობს თავს და ძალიან მადლობელია ექიმების, მედდებისა და მთლიანად პერსონალის, ვინც მასზე იზრუნა",- თქვა კლინტონის პრესსპიკერმა. ის ადასტურებს, რომ ინფექციას საერთო არაფერი აქვს კოვიდ-19-თან.
ასევე ნახეთ: ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსზე საჯაროდ აიცრებიანთეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ყოფილ პრეზიდენტს რამდენჯერმე მოუწია საავადმყოფოში სამკურნალოდ მისვლა. პირველად ეს 2004 წელს მოხდა, როდესაც სუნთქვის უკმარისობისა და მკერდში ტკივილების გამო, მან ექიმებს მიაკითხა და შემდეგ გულის ოპერაცია დასჭირდა. 2005 წელს მას კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთეს, ამჯერად ნაწილობრივ გათიშული ფილტვის გამო, ხოლო 2010 წელს კორონარულ არტერიაში ჩადგმული სტენტების გამოცვლა გახდა საჭირო.
კლინტონის ფონდის სპიკერის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი კალიფორნიაში თავისი საქველმოქმედო ორგანიზაციის საქმეებთან დაკავშირებით იყო ჩასული. მასთან იმყოფება მეუღლე, ჰილარი კლინტონიც - შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი.