ჩინეთს სურს ავღანეთში მილიარდობით ღირებულების ინვესტიციები ჩადოს იმ პირობით, თუ თალიბანი დასაქმებულების უსაფრთხოების გარანტიას გასცემს. ამის შესახებ ქაბულში, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტთან, აიეშა ტანზემთან საუბრისას, თალიბანის ინფრომაციისა და კულტურის მინისტრმა განაცხადა. ზაბიჰულა მუჯაჰიდი ამბობს, რომ თალიბანი მზადაა, უსაფრთხოების გარანტიები გასცეს.
„ამერიკის ხმამ“ სატელევიზიო ინტერვიუში, თალიბანის სპიკერს კითხვები დაუსვა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების, ავღანეთის ეკონომიკური მდგომარეობის, ქალთა უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ.
საერთაშორისო საზოგადოება თალიბანს მკაცრად აკრიტიკებს ქალებისა და უმცირესობების უფლებების დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ასევე კაბინეტის დაკომპლექტებისას, სხვა ეთნიკური ჯგუფების დაუშვებლობის გამო.
თალიბები კვლავ კრძალავენ 6-11 წლის გოგონების სკოლაში სწავლას. ეს იმ ფონზე, როცა ბიჭებს სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ.
ამასთან, თალიბანის კაბინეტი, სრულად მამაკაცებით და ავღანეთში დომინანტი ეთინკური ჯგუფის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.
აიეშა ტანზემი დაინტერესდა, რისი იმედი და მოლოდინი აქვს თალიბანს, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისას.
„შეერთებული შტატების მიერ, ავღანეთის აქტივების გაყინვა უსამართლობაა ავღანელი ხალხის მიმართ. ამის შესახებ ჩვენ ამერიკელებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ჩვენ ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ბანკებთან, რათა ხელმისაწვდომი გახადონ ეს აქტივები, რადგან ის ავღანელ ხალხს ეკუთვნის. ეს არის ავღანელი ხალხის კარაქიანი პური და ამ აქტივების ხელმისაწვდომობა გადამწვეტი მნიშვნელობისაა ავღანეთის მოსახლეობის ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად“ - აცხადებს თალიბანის სპიკერი.
„ერთ-ერთი, რაც შეერთებულმა შტატებმა თქვენგან საჯაროდ მოითხოვა, გოგონებისთვის სკოლების გახსნა და ქალებისთვის განათლების უფლების მიცემაა. რას ელოდებით, რატომ არ ხსნით სკოლებს გოგონებისთვის?“ – „ამერიკის ხმის“ ამ კითხვაზე პასუხად, თალიბანის სპიკერი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებების მაგიდაზე, ოფიციალურად არანაირი მოთხოვნა არ დაუდევს.
„ისინი მხოლოდ შეშფოთებას გამოთქვამენ ქალთა და ადამიანის უფლებების შესახებ. ჩვენ მათ დავარწმუნებთ, რომ პატივს ვცემთ ამ უფლებებს, მაგრამ ისლამური წესებისა და კანონების შესაბამისად. ჩვენ არ ვამბობთ, რომ გოგონები სკოლაში არ უნდა წავიდნენ. ჩვენ ვმართავთ კონსულტაციებს საერთო გეგმის შესახებ და იმედია რომ უახლოეს მომავალში ამ საკითხს მოვაგვარებთ.“- აცხადებს თალიბანის სპიკერი.
Facebook Forum