ამერიკის პრეზიდენტი რომში "დიდი შვიდეულის" სამიტში მონაწილეობს. მისი ერთ-ერთი ყველაზე რთული შეხვედრა კი, ექსპერტების აზრით, ამერიკის უძველესი მოკავშირის, საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბარი იყო.
ბაიდენი და მაკრონი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ მას შემდეგ, რაც ამერიკამ და ბრიტანეთმა ბირთვულ წყალქვეშა ნავებზე ავსტრალიასთან შეთანხმება ისე გააფორმეს, რომ საფრანგეთი გაანაწყენეს. ამ სადავო საკითხის წამოჭრის შემდეგ, ორმა პრეზიდენტმა ტელეფონით ორჯერ ისაუბრა, თუმცა ეს მათი პირველი პირისპირ შეხვედრაა.
ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკა ამ საკითხთან დაკავშირებით "უხერხულად" მოიქცა და მას პირადად ჰქონდა შთაბეჭდილება, რომ საფრანგეთი ამ შეთანხმების შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული. საფრანგეთმა, რომელიც შეთანხმების მიღმა დარჩა, 60 მილიარდი დოლარის ოდენობის მოგება დაკარგა და ამერიკა ფარულ გარიგებაშიც დაადანაშაულა, მით უმეტეს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხში, სადაც საფრანგეთის ტერიტორიებზე 2.7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
ასევე ნახეთ: პარიზმა ვაშინგტონიდან და კანბერადან ელჩები გამოიძახამისივე თქმით, ამერიკას საფრანგეთზე ძველი და ერთგული მოკავშირე არ ჰყავს და ამერიკასა და საფრანგეთს ყველა მიმართულებით შეუძლიათ თანამშრომლობა. ბაიდენმა და მაკრონმა აფრიკაში, ევროპასა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საფრანგეთის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ცნობით, მაკრონს ბაიდენისგან აფრიკაში ანტიტერორისრული ოპერაციების მხარდაჭერა სურს.
პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი თქვა, რომ ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ შესაძლებელი იქნება ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენაზე მუშაობა და მომავლისთვის მეტი ყურადღების დათმობა.